6 თებერვალს როვშან და ეთიბარ ისკანდაროვების სასამართლო სხდომა
გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხა.
ეთიბარ და როვშან ისკანდაროვებს არჩევნების გაყალბებაში ედებათ ბრალი.
26 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყრიან
ბიულეტენებს როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები საარჩევნო ყუთში
მარნეულის N69 უბანზე.
სასამართლოზე N69 საარჩევნო უბნის კომისიის წევრები გამოიკითხნენ.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები ლალა ჯალილოვა და
იაგუბ ლაიშოვი
და ნაკადის მომწესრიგებელი ნიზამ აზიზბეკოვი.
საქმის სამივე მოწმე აღნიშნავს, რომ მათ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების
ჩაყრის ფაქტი პირადად არ უნახავთ და მხოლოდ გადაღებული ვიდეოდან
ნახეს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები ამბობენ, რომ ამ
დროს უბნის გარეთ იყვნენ, ხოლო ნაკადის მომწესრიგებელი აცხადებს, რომ
შემთხვევის დროს ზურგით იდგა და ვერაფერი დაინახა.
როვშან ისკანდაროვის ადვოკატმა სამივე მოწმეს დაუსვა კითხვა, არიან თუ
არა სისინი დარწმუნებული, რომ კონვერტებში, რომლებიც როვშან
ისკანდაროვმა საარჩევნო ყუთში ჩაყარა, ნამდვილად საარჩევნო
ბიულეტენები იყო.
„არ ვიცი, შეიძლება იყო, შეიძლება არა“ -
ამბობს ლალა ჯალილოვა
„კონვერტი იყო, მაგრამ შიგნით რა იყო არ
ვიცი“ - თქვა იაგუბ ლაიშოვმა
გამოკითხვაზე მყოფმა მოწმეებმა კარგად ისიც არ იცოდნენ, თუ სად
მუშაობდა როვშან ისკანდაროვი, რომელიც დაკავებამდე მარნეულის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
„ჩვენი დეპუტატია, ძალიან კარგი ადამიანია. როგორ და რაზე
მუშაობს არ ვიცი. ვიცი, რომ ჩვენი დეპუტატია“. - ლალა
ჯალილოვა
„საქართველოში დეპუტატია, რაიონში მუშაობს. ეს ვიცი
მარტო“. - ამბობს ნიზამ აზიზბეკოვი
რას ყვება გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი
ლალა ჯალილოვა
„მეც კომისიის წევრი ვიყავი, ოღონდ მე ყუთი მქონდა
გადატანილი იაგუბ ლაიშოვთან ერთად. დაახლოებით 10-ის ნახევარი
იქნებოდა რომ იმასთან ერთად წავედით სადახლოში, ავადმყოფებს რომ ხელი
უნდა მოეწერათ. ამ დროს, აღარ მახსოვს ზუსტად, პირველის ნახევარი
იქნებოდა თუ პირველ საათამდე, ჩვენ დავბრუნდით. როცა ვბრუნდებოდით
მანქანიდან ვხედავდით, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩვენი უბნის წინ,
მაგრამ რა ხდებოდა ვერ გავიგეთ, რომ მოვედით, რომ გადმოვედი
მანქანიდან უცბად ჟურნალისტები დამესიენ. ერთი ოთხი-ხუთი ჟურნალისტი,
რომ აი რას იტყვით ამ თემაზე. მეც გავბრაზდი და ვთქვი, რომ მე არაფერი
არ დამინახია, თქვენ უნდა მითხრათ რა ხდება, მე ახლა მოვედი და იქედან
გავბრუნდი, წავედი სახლში გაბრაზებული“.
პროკურორის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია უბანზე არეულობა და რატომ იყო
ამდენი ადამიანი შეკრებილი, ჯალალოვა პასუხობს, რომ არეულობა
საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას მოყვა.
„სახლში რომ წავედი მერე დამირეკეს მასწავლებლებმა, რომ
რა ხდება ქალბატონო ლალი, გავიგეთ, რომ თქვენს უბანში ასეთი რამეები
ხდება, რა იყო. აი, ფესიბუქში სურათები რომ ნახეს, რა ხდებაო. მეც ჯერ
არ მქონდა დანახული, სახლში ვიყავი შესული და გაბრაზებული და მერე
მითხრეს ნახე რა ხდებაო. ვნახე, დავინახე როვშანა და რა ვიცი, არ
მეგონა რომ მართლაც ამას გააკეთებდა, ალბათ ვიღაცამ რაღაცა აწყენინა,
ის არ ვიცი და არ დამინახია“.
ლალა ჯალალოვა იხსენებს, რომ უბნიდან გადასატანი ყუთის გატანის დროს,
დაახლოებით 10-ის ნახევარზე, უბანის წინ როვშან ისკანდაროვი ნახა -
„ყველას მოგვესალმა, გამარჯობა გვითხრა. უბრალოდ შემოიარა
და წავიდა“.
როვშან ისკანდაროვის ადვოკატის კითხვებზე საპასუხოდ ჯალალოვამ ისაუბრა
ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყრის ბიულეტენებს როვშან
ისკანდაროვი საარჩევნო ყუთში. ამბობს, რომ ვიდეოში ჩანს როვშანი და
როგორ ყრის ის საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს, მაგრამ არ გონია, რომ
როვშანმა ეს გამიზნულად გააკეთა.
„დავინახე, რომ გაბრაზებულად ყრის როვშანი მაგას, მე ასე
დავინახე. ვფიქრობ ვიღაცამ რაღაცა უთხრა, არამგონია როვშანს ეს
ექნა“.
რას ყვება გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი
იაგუბ ლაიშოვი
„რომ დავბრუნდით ვნახეთ რომ ბევრი ადამიანი იყო. ვერ
გავიგეთ რატომ. მერე ტელეფონიდან გავიგეთ რაც მოხდა, რომ ყალბი
ბიულეტენები ჩაყარეს. როვშან ისკანდაროვი იყო ვიდეოზე, მეორე ადამიანი
არ ვიცი ვინ იყო. ვიდეოში ვნახე, ხელში ეკავა
ბიულეტენები.
პროკურორი -
მერე სად წაიღო ეს
ბიულეტენები?
იაგუბი -
არ ვიცი, მხოლოდ ფოტოში
ვნახე.
პროკურორი -
სხვა რა ინფორმაცია გაქვთ?
იაგუბი -
არაფერი.
სასამართლო სხდომაზე მესამე მოწმე ნიზამ აზიზბეკოვი იყო.

ნიზამი საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ძლიერი საქართველოს“ კვოტით
გახდა, ის არჩევნების დღეს ნაკადის მომწესრიგებელი იყო.
„საარჩევნო უბანზე ვიყავი. დილის შვიდი საათიდან პირველ
საათამდე. პარტია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ვიყავი. მე
კარებთან ვიდექი, კარებში რომ შემოდიოდნენ ადამიანები ფრჩხილს
ვუმოწმებდი, პირადობას ვუმოწმებდი.
მე იქ ხალხს ვხვდებოდი, მათ ვაკვირდებოდი. ხუთ ადამიანს შიგნით
ვუშვებდი, რადგან ხუთი რეგისტრატორი იყო. შემდეგ როდესაც ესენი ხმას
აძლევდნენ, ბიულეტენს აგდებნენ გამომყავდა ესენი და დანარჩენ ხუთს
ვუშვებდი შიგნით.
პროკურორი -
რატომ იყავით მხოლოდ პირველ საათამდე
უბანზე?
ნიზამი -
იმიტომ, რომ დაახლოებით, 12 საათზე, ან პირველის
ნახევარზე, ასეთი ამბავი მოხდა და კომისიის წევრებმა ესეთი
გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დავხუროთ საარჩევნო
უბანი.
პროკურორი -
ამბობთ ესეთი რაღაცა მოხდაო, რა
მოხდა?
ნიზამი -
მე ეს მხოლოდ ვიდეოზე ვნახე. რეალურად არ
მინახია. ზურგით ვიდექი და ვიდეოზე ვნახე. ვიდეოში ვნახე, რომ როვშანს
ხელში ეჭირა, რა გადაიღო, ვინ გადაიღო ეგ არ მინახია.
ვიდეოში როვშანს ხელში ბიულეტინები ჰქონდა. მე პირადად ეს არ მინახია,
რომ ვთქვა რომ ვნახეო, არა. გავიგე, რომ ვიღაცას გამოართვა ხელიდანო
და როვშანმა ჩააგდოო ეს ბიულეტენები. ესე გავიგე, მაგრამ ვიდეოში
სხვანაირად იყო გადაღებული.
მესამე მოწმის დაკითხვის შემდგომ საქმის მოსამართლემ ვლადიმერ
წითლაურმა სასამართლო სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. როვშან და
ეთიბარ ისკანდაროვების მომდევნო სასამართლო 20 თებერვალს 13:30 საათზე
ჩაინიშნა.
რადიო „მარნეული“