გამოკითხულთა 78%-მდე პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს - ISSA
„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულების 82.1% საქართველოში შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს. გამოკითხულთა 78%-მდე კი პოლიტიკური კრიზისის შექმნაზე პასუხისმგებლობას ძირითადად “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

გამოკითხულ რესპონდენტთა 60%-მდე ემხრობა საქართველოში მიმდინარე პროტესტს, ხოლო რესპონდენტთა 45% პროტესტის აქტიური მხარდამჭერია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვია შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საქართველოში
განვითარებულ მოვლენებს. გამოკითხულთა უმრავლესობა, 62%-მდე, მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვსი (67.1%) მიუღებელია ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება.

„უმრავლესობა (55%-მდე) თვლის, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა რუსეთის/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება. ამასთან, 30.1%-ის აზრით, ქართული ოცნება ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. მხოლოდ 7%-ია დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ოცნება დგას დასავლეთთან (ევროპა, აშშ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე.
რესპონდენტთა უმრავლესობა (67%-მდე) აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს“.
- აღნიშნულია კვლევაში

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, კვლავ დიდია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა - 86.3%. ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს 74.2%.

„ამის მიუხედავად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მომხრეა იმის, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ჰქონდეს ნეიტრალიტეტი.
მოსახლეობის უმრავლესობას (54.2%) „დიფ-სთეითის“ და “გლობალური ომის პარტიის” ანტიქართული გავლენების შესახებ “ქართული ოცნების” განცხადებები არადამაჯერებლად მიაჩნია; მეოთხედს (25.3%) კი უჭირს ამ განცხადებების სანდოობაზე პოზიციის გამოხატვა.“
- აღნიშნულია კვლევაში

გამოკითხვა შეეხო საპარალამენტო არჩევნებსაც. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რესპონდენტთა დაახლოებით 43%-ის აზრით, ჩატარდა უსამართლოდ, ხოლო, დამატებით 16%-ის მიხედვით - თანაბრად სამართლიანად და უსამართლოდ.
გამოკითხულთა 51.3% აცხადებს, რომ არჩევნებზე ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცეს, ხოლო 32% ამბობს, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. გამოკითხულთა 17-მა პროცენტმა საკუთარი არჩევანის გამჟღავნება არ ისურვა.

„ქართული ოცნების” ყოფნას ხელისუფლებაში უკანონოდ/არალეგიტიმურად მიიჩნევს 48%-მდე, ხოლო კანონიერად/ლეგიტიმურად - 39.2%.
უმრავლესობა ეთანხმება მიმდინარე პროტესტი ძირითად მოთხოვნებს; კერძოდ, 62% მხარს უჭერს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხოლო 76.3% - პატიმრების განთავისუფლებას“.


გთავაზობთ გამოკითხვის სხვა მიგნებებს:

• ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, დიდ უმრავლესობას (80%-ის ფარგლებში), აქვს მონაწილეობის მაღალი მზაობა. ხოლო იმათ შორის, ვინც ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, ქართული ოცნების მხარდაჭერა (ალოკაციით) შეადგენს 31.5%-ს.
• რესპონდენტთა უმრავლესობა (55%-მდე) არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ დარჩება, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე. ასეთ საფრთხეს მეტ-ნაკლებად ხედავს რესპონდენტთა 35.5%; თუმცა, ამაში მხოლოდ 15.3%-ია დარწმუნებული.
• ბოლო თვეებში სხვადასხვა აქტორის საქმიანობის/მოვლენის შეფასებისას, ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ვლინდება სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის მიმართ (49%).
• ბოლო თვეებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დადებითად შემფასებელთა წილი (36%-მდე) აჭარბებს უარყოფითად შემფასებელთა წილს (30%-მდე).
• 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობის უარყოფითად შემფასებელები (38%-მდე) აჭარბებენ დადებითად შემფასებლებს (33.2%); ხოლო ქართული ოცნების საქმიანობას, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უარყოფითად აფასებს ნახევარზე მეტი (53.2%).
• ნეგატიური შეფასება ხვდა წილად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად (57.2%).
• გამოკითხულთა 52%-მდე სამართლიანად მიიჩნევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხოლო თითქმის ამდენივე - შსს მაღალჩინოსნების მიმართ.
• რესპონდენტები ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ძირითადად იღებენ საქართველოს სატელევიზიო არხებითა და სოციალური მედიით.
• სატელევიზიო არხებს შორის, არცთუ დიდი დისტანციით, ლიდერობენ იმედი (42%-მდე), მთავარი არხი (38%-მდე) და ტვ პირველი (33.4%). სოციალურ მედიებს შორის კი, უპირობო ლიდერია ფეისბუქი.


„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, საქართველოს მასშტაბით, იანვარში განახორციელა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2 000-მა რესპოდენტმა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები