დღეს, 10 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრება გაიმართა.
სოფელ თაზაქენდში კრების ჩატარებისათვის 200 მოსახლის ხელმოწერა იყო
საჭირო. გასული წლების მსგავსად, წელსაც სოფელში ხელმოწერების
შეგროვება გართულდა - სკოლებიდან გამოიყვანეს მასწავლებლები და
შეხვედრა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ
სხდომის ლეგიტიმაციისათვის საკმარისი ხელმოწერები შეაგროვეს.
გასული წლის მსგავსად, მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად დააყენა
გზების მოასფალტება/მოხრეშვა და გარე განათების მოწყობა. წელს
თაზაქენდელებმა მხარი სოფელში გარე განათების მოწყობას დაუჭირეს.
მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, კობა
ჩხიტუნიძემ თაზაქენდელებს დაჰპირდა, რომ გზების მოხრეშვისა და
მოასფალტების საკითხს მერია პრიორიტეტად მონიშნავს და შემდეგი წლების
ბიუჯეტში შეიტანს.
2024 წელს სოფელ თაზაქენდში საერთო კრება 12
თებერვალს ჩატარდა. მაშინ, მერიასთან საკითხის განხილვის დროს
მოსახლეობამ სოფელში გზების მოხრეშვას დაუჭირა მხარი.
2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დღეს,
10 თებერვალს, დაიწყო. დღეს სოფლის საერთო კრებები გაიმართება
საბირქენდში, ალგეთში, თაზაქენდში, კასუმლოში, აღმამედლოში, კუშჩუში,
კაჩაგანში, თაქალოსა და ხანჯიგაზლოში.
რადიო "მარნეული"