მარნეულის ტელევიზიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ
ტელევიზიამ პირველად გააფორმა ხელშეკრულება თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტთან.
„თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა“ მარნეულის ტელევიზიასთან,
გამარტივებული წესით გააფორმა 9 500 ლარის ღირებულების
ხელშეკრულება.
13 თებერვალს გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით,
მარნეულის ტელევიზია ვალდებულია, 2026 წლის 31 იანვრამდე პერიოდში,
გააშუქოს „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ მიერ
ორგანიზებული ღონისძიებები.
მარნეულის ტელევიზიამ 2025 წელს ხელშეკრულება გააფორმა დმანისის
მუნიციპალიტეტთანაც. „მარნეული ტვ“
2026 წლის 31 იანვრამდე ვალდებულია
გააშუქოს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „მარნეული ტვ“-ს შორის
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „მარნეული ტვ“-მ დმანისის მერიის
მოთხოვნის შესაბამისად ეთერში შვიდჯერ უნდა განათავსოს „საზოგადოების
მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო ვიზუალური განცხადება და
ვიდეორგოლები აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე“ და ოთხჯერ უნდა გააშუქოს
„საზოგადოების მნიშვნელოვანი ინფორმაცია არანაკლებ 10 წუთისა“.
დმანისის მერია მარნეულის ტელევიზიას მომსახურებაში 7 670 ლარს
გადაუხდის.
„თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრისა“ და დმანისი მერიის მიერ
მარნეულის ტელევიზიისათვის გაფორმებულ ხელშეკრულებებში არაა
მითითებული ბაზრის კვლევის ოქმები. გამარტივებული ხელშეკრულებებიდან
გამომდინარე, უცნობია გამოიკვლიეს თუ არა მუნიციპალიტეტებმა მარნეულის
ტელევიზიის რეიტინგი - უყურებენ თუ არა მარნეულის ტელევიზიას
თეთრიწყაროსა და დმანისში.
აღსანიშნავია, რომ „მარნეული ტვ“ წლებია უკონკურენტოდ იმარჯვებს
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. 2025 წელს მერიის
საქმიანობის გაშუქებისათვის მარნეულის ტელევიზია მუნიციპალიტეტისაგან
199 500 ლარს აიღებს. ამას გარდა, მარნეულის ტელევიზიის ახალი
მფლობელის,
ზაზა ბაბლუანის მიერ ორი თვის წინ შექმნილ ვებგვერდს მერიამ 9 900
ლარიანი ტენდერი გაუფორმა.
მარნეულის ტელევიზიის მფლობელი 2024 წელს სამჯერ შეიცვალა -
ტელეკომპანია, 2 აპრილს, ზაზა ბაბლუანმა შალვა შუბლაძისაგან შეისყიდა.
რის შედეგაც ტელეკომპანიას ზაზა ბაბლუანი ზვიად კეჭაყმაძესთან ერთად
ხელმძღვანელობდა. მარნეულის ტელევიზიის მფლობელი, 60 დღის
განმავლობაში, თორნიკე ჩაბალოშვილიც იყო. 2000 წელს დაბადებული
ჩაბალოშვილი მარნეულის საკრებულოს წევრის ვასილ ხახულაშვილის დის
შვილია. ის მარნეულის ტელევიზიის მფლობელი 2024 წლის 8 ივლისს გახდა -
ტელევიზია ზაზა ბაბლუანისაგან 96 000 დოლარად შეისყიდა. 2024 წლის 4
სექტემბერს ტელევიზიის მფლობელი კვლავ ბაბლუანი გახდა, რომელმაც
ტელევიზია ჩაბალოშვილისაგან კვლავ 96 000 დოლარად შეიძინა.
რადიო "მარნეული"