მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაზრის
მიმდებარედ არსებულ საავტომობილო ხიდთან მისასვლელის მოწყობისა
და ნაპირსამაგრის სამუშაოებისათვის თანხა 44 116 ლარით გაზარდა.
განახლებული ტენდერი მერიამ 11 თებერვალს გამოაცხადა.
ქალაქ მარნეულში ლაღიძის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე)
მდინარე ალგეთზე არსებული საავტომობილო ხიდის მისასვლელების და
ნაპირსამაგრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისთვის პირველი ტენდერი
მუნიციპალიტეტმა 31 დეკემბერს გამოაცხადა.
თვითმმართველობა 592 674 ლარად გეგმავდა სამუშაოების
შესყიდვას.
„2024 წლის მაისის თვეში მომხდარი სტიქიის დროს დაზიანდა
ბაზრის მიმდებარედ მოწყობილი ხიდის მარცხენა მისასვლელი, კერძოდ
გამოირეცხა გადასასვლელი ფილა. ასევე დაზიანებულია ხიდის მოაჯირი და
ბაზართან მისასვლელი გზის გაყოლებით არსებული გაბიონის ნაპირდამცავი
კედელი, რაც შეეხება ხიდის ბურჯების, ფასადის, პარაპეტებისა და
საკარადე კედლების მდგომარეობას მათი დაზიანება არ მომხდარა და მათი
რაიმე სახით რეაბილიტაცია-გამაგრება არაა საჭირო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მხოლოდ ხიდის
მარცხენა მხარეს გადასასვლელი ფილისა და სადეფორმაციო ნაკერის
რეაბილიტაცია ასევე მოაჯირის აღდგენა და გზის გაყოლებით ახალი
სარებულაციო კედლის მოწყობა“. - აღნიშნულია საპროექტო
დოკუმენტაციაში
მერიის მიერ გამოცხადებული პირველი ტენდერი არ შედგა. ადგილობრივმა
თვითმმართველობამ ახალი ტენდერი გაზრდილი თანხით გამოაცხადა. მერია ამ
ეტაპზე სამუშაოების შესყიდვას 636 790 ლარად გეგმავს.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების
წარდგენა 27 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან 180 დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“