2008 წლის ომის დევნილები მარნეულში – მთავრობის პროგრამის მიღმა
15:44 / 14.02.2025
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში
მცხოვრებლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ვერ მონაწილეობენ.
შაუმიანის ცენტრში 13 თებერვალს გამართულ “კრებაზე” ვერ ნახავდით
ვერცერთ დევნილს, რომლებიც საკუთარი ინიციატივით გამოვიდოდნენ და
ადმინისტრაციული ერთეულისათვის გამოყოფილ 20 000 ლარის ფარგლებში
განსახორციელებელ პროექტებს თავადაც დაასახელებდნენ. შაუმიანში მერის
წარმომადენელის მოვალეობას ბადრი გორგოძე ასრულებს, “საერთო კრებაზე”
მისულებმა ვკითხეთ თუ რატომ არ მონაწილეობენ შაუმიანის დევნილები
სოფლის პროგრამაში. ზუსტი საფუძველი უცნობია, ერთ-ერთი მიზეზი კი
დასახლებისათვის სოფლის სტატუსის არ ქონაა.
შაუმიანის ცენტრში “კრების” შემდეგ ჩვენ დევნილთა დასახლებაში ავედით.
იქ, სადაც მოსახლეობის თქმით, დიდი ხანია არავინ მისულა. არც
ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან. დევნილებთან პრობლემა
ბევრია. ჩამონგრეულ კედლებს, დამწვარ ჭერს , ფანერის იატაკს,
ღიად დატოვებულ ელექტრო გაყვანილობას, ამორტიზებულ გზას, ობიან
კედლებს და ნესტს, ბევრი იძულებით გაექცა. 2008 წლის აგვისტოს ომის
დროს ლიახვის ხეობიდან გადმოსახლებული 210 ოჯახიდან აქ ახლა
დაახლოებით 75 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხოვრება
შიშში უწევთ
“ რის საქმის კურსში გვაყენებენ, რას გვეუბნებიან? მოდის
ვინმე? რამე ინფორმაციას გვაწვდის? ძაღლად გვაქცევენ? სოფლის კრებაში
რატომ არ მივიღებდი მონაწილეობას? მეც ხომ შემეძლო ჩავსულიყავი,
მომესმინა, ინფორმაცია გამეგო, თუ კი საერთო საქმე გაკეთდება მაგას რა
ჯობია. ხალხი მიდის, ქირით გადის, მეც იძულებული ვარ წავიდე, არ
შეიძლება ამ პირობებში ცხოვრება “ - ამბობს დევნილთა
დასახლებაში მცხოვრები ქალი .
“აქ ხალხი არ ცხოვრობს თურმე. აქეთ არის განულება, იქით თუ
გზა გააკეთეს, აქეთ ჩვენ ხალხი არ ვართ? ჩვენ ავამოქმედეთ ეს ხეობა
რომ გადმოვედით, ტრანსპორტი დავნიშნეთ, ქართული სკოლები შევქმენით,
ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველანაირი პრობლემაა აქ, საიდან დავიწყო
არ ვიცი” - თქვა კიდევ ერთმა დევნილმა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დევნილთა დასახლებისათვის შესაძლოა
პრობლემების მოგვარების ერთადერთი გამოსავალი არ იყოს, თუმცა
ადგილობრივების თქმით, ის აუცილებლად იქნებოდა მათი სიტუაციის
შესამსუბუქებელი და ადგილობრივ თვითმმართველობასთან პრობლემების
გაზიარების ალტერნატივა.
რატომ არ ითვალისწინებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დევნილთა
დასახლებაში მცხოვრებლების წუხილებს, იგეგმება თუ არა ამ მხრივ
სიტუაციის გამოსწორება, ადგილობრივ თვითმმართველობაში კითხვებზე
საპასუხოდ ოფიციალური წერილი გვთხოვეს. რადიო მარნეულმა მარნეულის
მერიას წერილით 14 თებერვალს 15:27 საათზე მიმართა.
პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.