11 მარტს, მარნეულში ევროკავშირზე მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია
გაიმართა.
„ევროკავშირისკენ გზა: უპირატესობები და წინსვლის შესაძლებლობა“ -
სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადდა.
პუბლიკაციაში ადგილი ეთმობა ევროკავშირის მთავარ მიღწევებს.
მაგალითად, რა სიკეთეები აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის, როგორია ევროკავშირის საბანკო-სასესხო
პოლიტიკა და რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის.
როგორც რადიო “მარნეულთან” საუბარში უფლებადამცველთა გაერთიანება
ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის კოორდინატორი, გიორგი
კაკუბავა
განმარტავს, ბროშურა ოთხ ენაზე, ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ
და აფხაზურ
ენებზეა ხელმისაწვდომი.
“ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, რისი რესურსიც
გვქონდა, იმის გამოყენებით მიგვეტანა სწორი ინფორმაცია, თუ რა
სარგებლის მომტანი არის ევროკავშირი , რა ღირებულებების მატარებელია
და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში,
ნებისმიერი მოქალაქე, ეს იქნება, დევნილი, პენსიონერი თუ სხვა , რა
სარგებელს მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებით. ასევე დოკუმენტში
ხაზგასმულია რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი , რა ნაბიჯები უნდა
გადადგას საქართველომ რომ დაუკავშირდეს ევროპას.”
პროექტის ექსპერტი, ეკატერინე ქარდავა ამბობს, რომ ბროშურაში აქცენტი
ყოფით საკითხებზეა გამახვილებული. მათ შორის ევროკავშირის
სტანდარტებზე განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების თუ კულტურის
სფეროში.
„ბროშურა მრავალ მიმართულებას მოიცავს. მაგალითად, როგორი
არის ევროკავშირის პოლიტიკა საბანკო სასესხო სფეროში. ეს ხომ ძალიან
ყოფითი და სოციალური საკითხია საქართველოში. ამ ბროშურაში წერია,
ევროკავშირში გაწევრიანებით გაუმჯობესდება ჩვენი მდგომარეობა თუ
გაუარესდა. რომ წაიკითხავენ, არჩევანი, რა თქმა უნდა, ადამიანზე არის.
ამ ბროშურაში წერია ისეთი საკითხები, როგორიც არის სოფლის
განვითარების კონცეფცია, რომ ევროკავშირი ცდილობს სოფელი განავითაროს
და დააყენოს ფეხზე. ეს ბევრ კომპონენტს უკავშირდება. ძალიან ყოფითი,
ჩვენთვის საინტერესო საკითხებია ამ ბროშურაში აღწერილი.“ -
თქვა ეკატერინე ქარდავამ
პუბლიკაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების
პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა. მარნეულში გამართულ
პრეზენტაციას ესწრებოდა ნილს ქრისტენსენი, გაეროს განვითარების
პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში.
„მოხარული ვარ, რომ მარნეულში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი
ვიზიტია აქ, სადაც წარმოვადგენ გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).
განსაკუთრებით მიხარია, რომ ვთანამშრომლობ სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებთან, რომელთა ხელშეწყობითაც მომზადდა ბროშურა. ეს ბროშურა
ეხება ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას და იმ სამუშაოს
მხარდაჭერას, რომელიც ადგილობრივებისთვის გაკეთდა. პირადად ჩემთვის
კი, მნიშვნელოვანია დავინახო უკვე შესრულებული სამუშაო და მიმდინარე
აქტივობები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასარგებლოა. “ -
თქვა ნილს ქრისტენსენმა
ბროშურის წარდგენა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
ჩატარდა, სადაც მონაწილეობას სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების
წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები იღებდნენ.