ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში (ქოლაგირში) ახალი მეჩეთი აშენდება.
ქოლაგირის მკვიდრმა, 30 წლის ნურედინ ნაბიევმა რადიო “მარნეულს”
დაუდასტურა, რომ ახალი მეჩეთი აშენდება და თქვა, რომ 9 მარტს
მთავრობის წარმომადგენლებსა და სოფლის მოსახლეობას შორის შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრისას მთავრობის წარმომადგენლებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა
სოფლის მოსახლეობას რამადანის თვე მიულოცეს და მოსახლეობას ახალი
მეჩეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას
ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს
მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი
ფაიგ ნაბიევი, პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი და სხვა
ოფიციალური პირები.
სოფელ ქოლაგირის მკვიდრმა, ბიზნესმენმა ჰუსეინოვ ფიზული აფგან ოღლუმ
უკვე გაიღო თავდაპირველი შემოწირულობა, 25 000 აშშ დოლარი, სალოცავი
ადგილის ასაშენებლად. მეჩეთის მშენებლობა სრულიად საქართველოს
მუსლიმთა სამმართველოს და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით
გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა
რადიო “მარნეულთან” განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობა მალე
დაიწყება.
„ეს ინიციატივა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა
მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო რელიგიურ და მულტიკულტურულ
ფასეულობებს. საქართველოს სახელმწიფო მუსლიმთა სამმართველოს და
სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მუსლიმური თემის მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად კოორდინირებული ქმედებების შედეგად მათ მიიღეს
ნებართვა ახალი სალოცავი ადგილის ასაშენებლად. მინდა მადლობა
გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა მეჩეთის მშენებლობას. ეს
მეჩეთი არ არის მხოლოდ სალოცავი, არამედ ადგილობრივი მუსლიმური
საზოგადოების ერთიანობისა და სოლიდარობის
სიმბოლოც“.
აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს სოფელ ქოლაგირში ახალი მეჩეთის
მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო
აქციაზე მოსახლეობა აცხადებდა, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის
მოთხოვნით წლებია მიმართავდნენ სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ მათგან
ოფიციალურ ნებართვას ვერ ღებულობდნენ.
აღსანიშნავია, რომ აშენებული და რეგისტრირებული რელიგიური
დაწესებულებები შემდგომში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს
გადაეცემა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს კონტროლს
ექვემდებარება.