ალგეთის კალაპოტის გაწმენდა უახლოეს პერიოდში დაიწყება - ვასილ ხახულაშვილი
ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ხახულაშვილი, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში მდინარე ალგეთის კალაპოტის გაწმენდა დაიწყება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში გამავალი მდინარე ალგეთის სანაპირო, მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბინძურებულია. სანაპიროზე შენიშნავთ პლასტმასას, ცელოფნებს, მინისა და პლასტმასის ბოთლებს, გამოყენებულ საფენებს, ცხოველების ნეშთებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ ნარჩენებსა და სხვა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნაგავს. აღიშნულთან დაკავშირებით რადიო „მარნეულმა“ ინფორმაცია 5 მარტს გაავრცელა, რა დროსაც მარნეულის მერიაში გვითხრეს, რომ მდინარის კალაპოტის გაწმნდა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

დღეს, 19 მარტს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქალაქ მარნეულის მაჟორიტარმა, ვასილ ხახულაშვილმა განაცხადა, რომ მდინარე ალგეთის კალაპოტის გაწმენდასთან დაკავშირებით წინადადება ჯერ კიდევ 2025 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში დააყენა და მდინარის კალაპოტი უახლოეს პერიოდში მოეწყობა.

„არასდროს არ გაწმენდილა მდინარე ალგეთის კალაპოტი. მდინარეს გამტარუნარიანობა აღარ აქვს და ჩემი ინიციატივა იყო, ბიუჯეტის პირველივე განხილვაზე წამოვაყენე ეგ საკითხი, დამტკიცდა და ალგეთის კალაპოტის გაწმენდა იგეგმება. რამოდენიმე დღეში დაიწყება სამუშაოები“. - განაცხადა ვასილ ხახულაშვილამ

ხახულაშვილის განმარტებით, მდინარე ალგეთის კალაპოტი მარნეულის ცენტრალური მოედნიდან მარნეულის ბაზრის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიამდე გაიწმინდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები