საკრებულოს დეპუტატის თქმით მარნეულში გადათხრილი გზების დაგება ეტაპობრივად მოხდება
მარნეულში 26 მასის ქუჩაზე გზის საფარის დაგება რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ხახულაშვილი ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. მისივე თქმით, აღნიშნული მონაკვეთი იმ ქუჩებს მიეკუთვნება, რომელიც წყალარინების სისტემის მშენებლობისას გადაითხარა.

„ახლა რაც კეთდება 26 მაისის ქუჩაზე, საგზაო დეპარტამენტი აკეთებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით. მარნეულის გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელობაც იყო
ჩართული იმის გათვალისწინებით, რომ წყალარინების მშენებლობა მიმდინარეობს და გვაძლევს ხოლმე უფლებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება, რომ კონკრეტულად ამა და ამ ლოკაციაზე მოვრჩით სამუშაოებს და შეგიძლიათ დააგოთ. 26 მაისის ქუჩა, მოედანთან ერთად კეთდება, რამდენიმე ფენა დაიგო საფარის. ახლაც გრძელდება სამუშაოები და რამდენიმე დღეში დაიგება. ნაწილობრივ დასრულდება, ვინაიდან, აღნიშნული გზის მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც იგეგმება, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს მარნეულის მერიას. „ -
ამბობს ვასილ ხახულაშვილი

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, გეგმაში აქვთ 9 აპრილის ქუჩის დაგება, სადაც ამ ეტაპზე წყალარინების პროექტის ფარგლებში გაკეთებული სამუშაოების ხარისხის შემოწმებას ელოდებიან

„ახლა ველოდებით 9 აპრილის ქუჩაზე სკრინინგს, რაც მიწისქვეშა გაკეთებული სამუშაოების ვარგისიანობას და ხარისხს ამოწმებს. როგორც კი მოგვცემენ დასკვნას, რომ ჩატარებული სამუშაოები ვარგისიანია, იმ ქუჩის რეაბილიტაციასაც გავაკეთებთ. ახლა ასევე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები მაზნიაშვილის ქუჩაზე, მანდაც დაიგება გზის საფარი. ეტაპობრივად დავიწყებთ გადათხრილი ქუჩების დაგებას. აქამდე თავს უფლებას ვერ აძლევდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, რადგანაც ხშირად ხდებოდა დაგებული ასფალტების გადათხრა. ყველაფერი ბიუჯეტთანაა დაკავშირებული და ვერ დავაგებდით და მერე კიდე ავთხრიდით. „ - თქვა ვასილ ხახულაშვილმა.

წყალმომარაგება წყალარინების პროექტის განხორციელება ქალაქ მარნეულსა და სოფლებში 2019 წელს დაიწყო. გადაითხარა გზები, აიყარა მილები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზების გამო გაფუჭდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივების ავტომობილები. პროექტი კომპანია „Akelik Group”-ს 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა. ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

წყალარინების სისტემის მშენებლობის ფარგლებში ქსელი 2025 წლის იანვარში დაიტესტა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები