მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს
გამარტივებული წესით შეისყიდოს სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე,
უკანონოდ აშენებული, შენობის დემონტაჟის სამუშაოები, რათა მერიის
ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისოს. შესყიდვების სააგენტოს
გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების გრაფაში გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, მრნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მოქალაქე ჯეიხუნ
კაბლამუსაევმა კომერციული ობიექტი (ფარდული) სახელმწიფოს საკუთრებაში
არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენა.
„2022 წლის 13 დეკემბერს მუნიციპალური ზედამხედველობის
განყოფილება სოფელ ყიზილაჯლოში დაურეგისტრირებულ
მიწის ნაკვეთზე
გამოავლინა კომერციული ობიექტის (ფარდული) უნებართვოდ მშენებლობა,
რომლის მშენებლობასაც ახორციელებდა მოქალაქე ჯეიხუნ კაბლაიმუსაევი,
რაზედაც გატარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის
ღონისძიებები და დაურეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო
მშენებლობისთვის მოქალაქე ჯეიხუნ კაბლაიმუსაევს დაეკისრა საჯარიმო
სანქცია და დაევალა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული
შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რასთან დაკავშირებითაც 2022 წლის 28
დეკემბერს გამოიცა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური
ადმინისტრაციული აქტი“. - აღნიშნულია გამარტივებული
შესყიდვის შეთანხმებაში
მარნეულის მერია აცხადებს, რო კაბლამუსაევმა არ შეასრულა მასზე
დაკისრებული მოვალეობა და არ მოახდინა კომერციული ფართის დემონტაჟი.
მერიის განმარტებით, საჭიროა ფართის გადაუდებელი აუცილებლობის წესით
დემონტაჟი, ვინაიდან ის კეტავს გზას მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე, რომელიც აუქციონის წესით უნდა
გასხვისდეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ
ყიზილაჯლოში აშენებული კომერციული ფართის დემონტაჟში 11 847 ლარის
გადახდას გეგმავს.
რადიო „მარნეული“