„ქართული ენის შესწავლა ბაღის ასაკიდან ეფექტურია“ - ბილინგვური სწავლების პედაგოგი
ქართულ ენის სრულყოფილი ფლობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ რეგიონებში, სადაც არაქართულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. ერთ-ერთი ასეთი მარნეულია, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აზერბაიჯანულენოვანია და ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ეტაპზე ქართული ენის დაუფლება ხშირად ბუნებრივი პროცესის ნაცვლად, ბარიერად იქცევა.

რამდენიმე წელია გაეროს ბავშვთა ფონდმა, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადრეულ განათლებაში ბილინგვური სწავლების ხარისხისა
და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოში.

ამ პროგრამაში მარნეულის რამდენიმე ბაღია ჩართული. ერთ-ერთი ასეთი კი ქალაქ მარნეულის N4 სააღმზრდელო დაწესებულებაა, რომელიც პროგრამაში 2023 წლიდან ჩაერთო. მეორე წელია სახელმწიფო ენას ამავე ბაღში თეონა ხარშილაძე ასწავლის. პედაგოგი გვიყვება, რომ მაშინ, როდესაც პირველად შევიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვებმა ქართულად "გამარჯობაც"  არ იცოდნენ. ორი წლის თავზე კი ისინი ქართული წინადადებებით საუბრობენ. თეონა ამბობს, რომ სწავლების განსხვავებული მეთოდი აქვთ, ქართულ ენას ბაღში სახალისო აქტივობებით ასწავლიან.

„ეს პროგრამა მიზნად ისახავს ერთ ეტაპზე ორი ენის წავლებას. მშობლიურის და სახელმწიფოო ენის შესწავლას. ჩემი მოტივაცია იყო, რომ ბავშვებს ბავშვობიდან შეესწავლათ სახელმწიფო ენა. ისეთ გარემოში გავიზარდე, უამრავი აზერბაიჯანელი მეგობარი მყავს და ისინი დღემდე ვერ საუბრობენ გამართულად ქართულ ენაზე. ბაზა რომ ჰქონოდათ, ბავშვობის ასაკიდანვე, მეტად შეისწავლიდნენ. ამას თვითონაც აღნიშნავენ. ამ ასაკიდანვე  სახელმწიფო ენის შესწავლა აუცილებელი. ჩვენი სწავლება მხოლოდ თამაშს ეფუძნება. ისეა მოდულები გათვლილი, რომ ენის სწავლებას ექვემდებარება. მივდივართ თამაშ-თამაშით. ბუნებრივ პროცესში ვსწავლობთ ამ ყველაფერს. დიდი ინტერესი აქვთ ბავშვებსაც და ეს ყველაფერი მე დიდ მოტივაციას მაძლევს. მე რუსულ სექტორში ვმუშაობ და რეალურად, ქართული მესამე ენად ითვლება. თავიდან ცოტა შემეშინდა ამ საქმეს რომ ვკიდებდი ხელს. როცა შევედი სააღმზრდელო ოთახში, და ვთქვი გამარჯობა, ეს სიტყვა ბავშვებმა ჩემს სახელად აღიქვეს. გამარჯობაც კი არ იცოდნენ. დღეს უკვე დიდი სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებს შეუძლიათ ქართულად წინადადებების თქმაც კი. ლექსები ისწავლეს, ჰყვებიან თავიანთ შესახებ და სიტყვებზე აღარ მაქვს საუბარი“

ბილინგვურ პროგრამაში ქართული ენის შესწავლას კვირაში ორი სრული დღე ეთმობა. ერთ ჯგუფში მყოფი 30-მდე მოსწავლე ქართულ ენას ახალი მეთოდებით ითვისებს. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ბაღის ასაკი ენის შესასწავლად საუკეთესო, ვინაიდან ამ პერიოდში ენის ათვისება ბუნებრივად და მეტად ეფექტურად ხდება. ქართული ენის სწავლების ორი წლის თავზე, N4 ბაღის აღსაზრდელებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

„ბაღის ბავშვებს წინადადებების გამოთქმის პრობლემა ნაკლებად აქვთ, თითქოს, ამ ასაკში იმდენად სუფთაა მათი გონება, რომ არ უჭირთ. ეს არის მთავარი, ამ ასაკიდანვე თუ ისწავლიან მერე აღარ ექნებათ პრობლემა. უხარიათ ბავშვებს, მოტივაცია აქვთ უკვე. დედაენის დღისთვის წინასწარ მოვემზადეთ, სიმღერა ვისწავლეთ, ლექსები. აქტივობა გვქონდა, ქართული ანბანი დავამზადეთ და შევღებეთ. ყველამ შეღება თავიანთი სახელის პირველი ასო და ამით ყურადღებას ამახვილებდნენ ქართული ასოების მოყვანილობაზე. აუცილებელია სახლშიც ჰქონდეთ მოსწავლეებს შეხება ქართულ ენასთან, მაგრამ ამის საშუალება ნაკლებად გვაქვს, თუმცა ისეთი ოჯახებიც არიან , რომლებიც პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. თვითონ ბავშვები სთხოვენ ხოლმე ბაღში ნასწავლი სიმღერის სახლში ჩართვას და გამოდის, რომ მშობლებსაც ასწავლიან ასე თუ ისე. ჩვენი გაკვეთილები ხალისიანია, ხმაურიანი, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ და სიხარულით ემზადებიან ხოლმე ქართული ენისათვის განკუთვნილი დღისთვის.“

მიუხედავად იმისა, რომ ბილინგვური სწავლების პროგრამამ მარნეულში გარკვეული პროგრესი აჩვენა, მსგავსი შესაძლებლობა ჯერ ყველა საბავშვო ბაღში არ არსებობს.

ქვემო ქართლში, სადაც ეთნიკური უმცირესობების დასახლებები მრავლად არის წარმოდგენილი, კვლავ მრავალი ბაღი რჩება ბილინგვური პროგრამის მიღმა. ამის მიზეზი მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელში ბაღების არარსებობაა.

ბევრი ბავშვი სკოლამდელი ასაკიდანვე მოკლებულია სახელმწიფო ენის სწავლის იმ შესაძლებლობას, რაც მათ მომავალში განათლების სისტემაში სრულფასოვან ჩართულობას და საზოგადოებრივ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს.

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ბილინგვური განათლება ეროვნულუმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია.
სახალხო დამცველი 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიესალმა იმ ფაქტს, რომ, 2022 წელთან შედარებით, 14-ით გაიზარდა იმ სკოლამდელი დაწესებულებების რიცხვი, სადაც ბილინგვური სწავლების მოდელია დანერგილი.

თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი დინამიკა საანგარიშო პერიოდში არ გაგრძელებულა. კერძოდ, არ გაზრდილა იმ სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ამგვარი მოდელია დანერგილი. 2024წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში არის 65 არაქართულენოვანი ჯგუფებით დაკომპლექტებული საჯარო სკოლამდელი დაწესებულება, რომელთაგან ბილინგვური პროგრამა მხოლოდ 34 ბაღში ხორციელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები