ქალაქ მარნეულში, ცენტრალურ პარკში, მონუმენტურ ძეგლ „კიდევაც
დაიზრდებიანთან“ არსებული ერთადერთი საჯარო საპირფარეშო გასხვისდება
და ფასიანი გახდება.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მასშტაბით ეს ერთადერთი საჯარო
საპირფარეშოა, რომლის მშენებლობაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2020
წელს დაასრულა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მარნეულის მერია 50
კვ.მ შენობას, საჯარო საპირფარეშოს, გაასხვისებს. დღეს, 16 აპრილს,
გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის
სამსახურის
უფროსმა, აგილ ამირჯანოვმა მიმართა.
„კიდევაც დაიზრდებიანთან“ არის 50 კვ.მ საპირფარეშო,
რომელიც არის მოუწესრიგებელ მდგომარეობაში და მოგვმართა მოქალაქე
აიშან იმანოვამ. ითხოვს ტერიტორიის გადაცემას პირდაპირ განკარგვის
წესით, იჯარით და შემდგომ გაარემონტებს, მოაწესრიგებს და მოემსახურება
მოქალაქეებს საფასურით. ჩვენ ვაპირებთ 5 წლის ვადით იჯარით გაცემას
აღნიშნულ მოქალაქეზე იმ პირობით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სკვერში
ორგანიზებულ ღონისძიებებზე მისი ფუნქციონირება იქნება
მოქალაქეებისთვის უფასო“ - განაცხადა აგილ
ამირჯანოვმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის განმარტებით,
მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი საპირფარეშო იჯარით 5 წლის ვადით
გაიცემა და ერთი წლის საიჯარო ღირებულება 1 200 ლარი იქნება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის
ცენტრალურ პარკში საპირფარეშოს მშენებლობა 2018 წლიდან, პარკის
რეაბილიტაციის დროს, დაიწყო. 2020 წელს დასრულებული რეაბილიტაციის
პროექტი შპს "ინტერტექნოლოგმა" ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად
შეასრულა.
რადიო “მარნეული”