3 წლის წინ 256 000 ევროდ აშენებული ბაღის რეაბილიტაციას მერია 175 323 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 3 წლის წინ 256 000 ევროდ აშენებული საბავშვო ბაღის გარემონტებას 175 323 ლარად გეგმავს.

იაღლუჯის ქუჩაზე არსებული ბაღის მშენებლობა 2022 წელს დასრულდა. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი განახორციელა
დანიის ლტოლვილთა საბჭომ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.

საბავშვო ბაღის აშენების მიუხედავად იაღლუჯის დასახლებაში სკოლამდელი განათლების დაწესებულება არ გახსნილა და შენობა ამ დრომდე დაკეტილია.

მარნეულის მერიამ 17 აპრილს გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობა აღნიშნული საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს. ტენდერის მიხედვით, მერია დამატებით 175 323 ლარის დახარჯვას გეგმავს ბაღის გარემონტებისათვის.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ იაღლუჯის ქუჩაზე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2024 წლის ნოემბერში 8 071 ლარად შეისყიდა.

2024 წლის სექტემბერში კი თვითმმართველობამ 124 799 ლარი გადაიხადა ამავე ბაღის ეზოს კეთილმოწყობისათვის.

იაღლუჯის დასახლებაში საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები