მარნეულში წყალარინების პროექტის მშენებლობისას მუშა გარდაიცვალა
მარნეულში წყალარინების პროექტის მშენებლობისას მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ჯანდარის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ორმოში ორი მუშა ჩავარდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“ კლინიკებში ცდილობს დაშავებულის
ჯანმთელობის მდგომარეობის გარკვევას. მასალა პასუხისმიღებისთანავე განახლდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

გარეკანის ფოტო: ჯეიჰუნ მუჰამედალი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები