ლეჟბადინში, ემიგრანტების მხარდაჭერით, 2000-ზე მეტი ხე დაირგო (ფოტო/ვიდეო)
10:00 / 17.05.2025
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში ადგილობრივი მოსახლეობის
ინიციატივით არაერთი გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტი
ხორციელდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოფლის „ჭალას“ ტერიტორიაზე
თითქმის 2000 ხის დარგვაა. აღნიშნულ პროექტებს მოხალისეობრივად
ახორციელებენ საინიციატივო ჯგუფი „დავიცვათ ჩვენი სოფელი“ და 2024
წელს დაფუძნებული „ლეჟბადინის საქველმოქმედო ფონდი“. ორივე ჯგუფის
შემადგენლობა იდენტურია.
ორგანიზატორთა თქმით, საქველმოქმედო ფონდის შექმნა შესაძლებელი გახდა
საზღვარგარეთ, რუსეთსა და ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში მცხოვრები
ლეჟბადინელების ინიციატივით. დღესდღეობით, 150-200-ზე მეტი
ლეჟბადინელი საზღვარგარეთ ცხოვრობს და სოფლის განვითარებას ფინანსური
და მორალური მხარდაჭერით უწყობს ხელს.
საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება სოფელში ქვიშის კარიერების
მომატებულმა რაოდენობამ და ამით გამოწვეულმა მიწის ნაკვეთების
დაკავებამ განაპირობა. პრობლემის საპასუხოდ, ადგილობრივებმა გამართეს
საპროტესტო აქციები და დაიწყეს კონკრეტული ქმედებები მიწების
დასაცავად.
„ჩვენი საინიციატივო ჯგუფი 2018 წელს შეიქმნა. დღეს უკვე
ორი განსხვავებული სტრუქტურა გვაქვს – „დავიცვათ ჩვენი სოფელი“ და
„ლეჟბადინის საქველმოქმედო ფონდი“. ორივე მათგანი საზღვარგარეთ
მცხოვრები ლეჟბადინელების ძალისხმევით ჩამოყალიბდა. მთავარი მოტივაცია
კი სოფელში ქვიშის კარიერების ზრდა და მიწების დაკავების საფრთხე
იყო,“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ხეების დარგვის კამპანიებია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ჭალას“ ტერიტორიაზე დაირგო 1000-ზე მეტი
თუთის ხე და დამატებით 600-700 სხვადასხვა სახეობის ხეხილი. ნაწილი
მათგანი უკვე ნაყოფს იძლევა. ასევე შეიძინეს 100 ძირი ნატვრის ხე,
რომლებიც სასაფლაოსა და სკოლის ტერიტორიაზე დაირგო.
გარდა ხეების დარგვისა, სოფლის ორივე სასაფლაოს გარშემო მიმდინარეობს
კეთილმოწყობის სამუშაოები. იგეგმება მათი შემოღობვა და მიმდებარე
სივრცის გაუმჯობესება.
საინიციატივო ჯგუფის სამომავლო გეგმებში შედის სოფლისთვის სპორტული
დარბაზის აშენება, რაც ახალგაზრდებსა და ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებაში და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებაში
დაეხმარება.
ორგანიზატორების განცხადებით, სხვა სოციალური ინიციატივებიც
დაიგეგმება უკვე არსებული პროექტების წარმატებით დასრულების
შემდეგ.
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166