საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს მკვიდრი აიდინ ჰამზაევის
მკვლელობაში ეჭვმიტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა ნათესავების პროტესტის შემდეგ დააკავეს.
2024 წლის 13 მაისს, თბილისში, გენერალური პროკურატურის შენობის წინ
გამართულ აქციაზე ჰამზაევების ოჯახმა გააპროტესტა, რომ 2022 წლის 21
სექტემბერს მოკლული აიდინ ჰამზაევის მკვლელი კვლავ თავისუფალია.
აქციის დროს აიდინ ჰამზაევის ძმამ, აზად ჰამზაევმა, Meydan TV-ს
განუცხადა, რომ არსებობს როგორც მკვლელობასთან
დაკავშირებული
ვიდეოჩანაწერები, ასევე დნმ-ის ანალიზები.
„შემდეგ მითხრეს, რომ იციან, ვინ ჩაიდინა ეს. გვთხოვეს
15-20 დღე, რადგან ჯგუფი დიდია და მკვლელის გარდა კიდევ რამდენიმე
ადამიანის დაკავება იყო საჭირო. თქვეს, რომ თუ მხოლოდ მკვლელს
დავაკავებთ, დანარჩენები გაიქცევიან. 20 დღე ველოდე, შემდეგ მითხრეს,
კიდევ ერთი კვირა მოიცადე, მერე კიდევ 10 დღე... უკვე 2 წელი და 8
თვეა, გვატყუებენ , როდის გახსნიან ამ საქმეს? არ აიძულებენ ამ
ადამიანს ილაპარაკოს: რას აკეთებდა იმ დროს იმ ადგილას? მანქანა
მოიპარეს შემთხვევის ადგილიდან. გამოძიება მთლიანად
შეწყვიტეს“, — აღნიშნა აზად ჰამზაევმა.
15 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოაქვეყნა
ინფორმაცია აიდინ ჰამზაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების
შესახებ. ცნობილია, რომ 1971 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს განზრახ
მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
(განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა
და ტარება) მუხლებით.