ვინმე რომ დაეცეს და გამოსაფხიზლებლად ეს წყალი შეასხან მოკვდება კიდეც - დაბინძურებული არხი თაზაქენდში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის მკვიდრი ვალი ხათუნოვი აცხადებს, რომ სარწყავი არხის დაბინძურების შედეგად მის სახლს და მეურნეობას სერიოზული ზიანი მიადგა. მისი თქმით, ადგილობრივები არხში სხვადასხვა სახის ნარჩენებს ყრიან, რაც წყლის მოძრაობას აფერხებს.


„ამ არხს აბინძურებს სოფლის მოსახლეობა. აქ ნახავთ ნებისმიერი სახის ნარჩენს — პლასტმასის ბოთლებს, სამშენებლო ნაგავს, საყოფაცხოვრებო თუ ცხოველის ფეკალიებს. არხი სამი დღის წინ, ღამის პირველ საათზე გადმოვიდა. მეზობლებმა მაცნობეს, რომ წყალი ეზოში შედიოდა. ნაგავი ხელს უშლიდა წყალს და საბოლოოდ გადმოვიდა ეზოში. მქონდა ორი წყლის ტუმბო, თითოეულის ღირებულება 350 ლარი იყო — ორივე გაფუჭდა. ასევე მქონდა გასაყიდად გამზადებული ხილი და ბოსტნეული — ყველაფერი გაფუჭდა. მიყენებული ზიანი დაახლოებით 1000–2000 ლარია,“ — ამბობს ხათუნოვი.


მისი თქმით, დაბინძურება სოფელ ალგეთის მოლაბაირამლის უბნიდან იწყება და აზიზკენდამდე გრძელდება.

„ეს სარწყავი არხი თაზაქენდის გავლით აზიზკენდამდე მიედინება და სამივე სოფელში აბინძურებენ. ამ ნაგავმა ზიანი მომაყენა. მოვითხოვ, რომ ნარჩენების გადმყრელები დააჯარიმონ და საჭიროების შემთხვევაში – პასუხისგებაში მისცენ. ეს არხი გზის პირასაა — წარმოიდგინეთ, ვინმე რომ დაეცეს და გამოსაფხიზლებლად ეს წყალი შეასხან მოკვდება კიდეც კაცი. ამ წყლის გამოყენება უფრო საშიშია, ვიდრე არ გამოყენება,“ — ამბობს ხათუნოვი.

ვალი ხათუნოვის თქმით, მან მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულსაც მიაწოდა და მერიაში პრობლემის შესახებ იციან. მისივე ინფორმაციით, არხის დაბინძურებაზე პასუხისმგებელი პირების დასაჯარიმებლად 92 ადგილობრივი მაცხოვრებლის ხელმოწერა შეგროვდა და მოსახლეობა სრულად უჭერს მხარს სანქციების ამოქმედებას.

„რადიო მარნულის“ ადგილზე ჩატარებული დაკვირვებით, არხში შესაძლებელია შეხვდეთ პლასტმასის ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, სამშენებლო მასალების ნარჩენებსა და ცხოველების ნეშტსა და ფეკალიებს.


საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ სოფელ თაზაქენდში არხის დაბინძურებასთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შემდეგომ მოახდინეს რეაგირება. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევის გამოვლენა ვერ მოახერხეს, მაგრამ როგორც აცხადებენ ადგილზე მიმდინარეობს მონიტორინგი და კანონდამრღვევის გამოვლენის შემთხვევაში მათ შესაბამისი ჯარიმა დაეკისრებათ.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები