“შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სასჯელი” - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მზია ამაღლობელის საქმეზე
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება. ფეისბუქ პოსტი “მარნეულის ჰუჯაბის” გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მეუფე გიორგი აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მიაჩნია ამაღლობისათვის მსგავსი სასჯელი.


შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მზია ამაღლობელის მიმდინარე სასამართლო პროცესს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველი ჩვენგანი დედის ნაშობნი არა ვართ?! ქალის კულტი ხომ ჩვენ ერში ოდითგანვე განსაკუთრებული როლით და პატივისცემით სარგებლობდა. დაზარალებულმა სასამართლოზე

განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ამ კანონით ქალს სილის გაწვნისთვის 4 - დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს. მე მესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია და მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,თუმცა შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ. ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და შვილო, განა შენ არ გაგზარდა ქართველმა დედამ, გყავს და ან მეუღლე, განა უცხოა შენთვის მორალური კანონები - შენდობა და პატიება, რომელიც ხშირად აღემატება დაწერილ კანონებს.
"რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" .
მიუტევეთ და მოგეტევებათ.
“ - წერს გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის.

12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იურისტების შეფასებით, ჟურნალისტის დაკავება საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები