მომდევნო სხოდმაზე როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები გამოიკითხებიან
16:47 / 02.06.2025
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ისკანდაროვების საქმეზე სასამართლო
პროცესი გაგრძელდა.
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართა როვშან და ეთიბარ
ისკანდაროვების საქმის განხილვა. სხდომაზე გამოიკითხა დაცვის მხარის
ორი მოწმე.
მომდევნო სასამართლო სხდომა 19 ივნისს, 14:30 საათზე ჩაინიშნა,
სადაც ბრალდებულები თავადაც გამოიკითხებიან.
დაცვის მხარემ რადიო "მარნეულისათვის" კომენტარის მოცემა არ ისურვა.
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე კაპანაძემ
განაცხადა, რომ მეცხრე და მეათე არსებით
სასამართლო პროცესებზე დაცვის
მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, რომლებიც ცდილობენ სასამართლოს
თავიანთი ვერსია შესთავაზონ, რომელიც გამოძიების მიერ მოპოვებული
მტკიცებულებებით სრულად ბათილდება.
როვშან ისკანდაროვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მან და ეთიბარ ისკანდაროვმა 2024 წლის 26
ოქტომბერს, სადახლოში გახსნილ N69 საარჩევნო უბანში არჩევნების
გაყალბება სცადეს.
26 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ყრის საარჩევნო
ბიულეტენების კონვერტებს როვშან ისკანდაროვი საარჩევნო ყუთში და მას
ეთიბარ ისკანდაროვი ეხმარება.
როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღკვეთის
ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ისკანდაროვებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით
აქვთ წარდგენილი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების:
საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების
და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.