მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი
ჯამდელიანმა 8 ივნისს, საკვირაო ქადაგების დროს, მრევლთან საუბარში
ეპარქიაში მიმდინარე რთულ პროცესებზე ისაუბრა. მეუფეს თქმით, ის
მუქარისა და ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დგას და დარწმუნებულია, რომ
აღნიშნული ქმედებები მთავრობის მოქმედ წევრთან და უშიშროების
სამსახურთან არის კავშირში.
„
ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვისთან ერთადაც წლების
განმავლობაში ვმსახურობდი, ჭამდნენ, სვამდნენ, ძმად და მეგობრად
მიმაჩნდნენ – გამყიდველებად და გამცემლებად აღმოჩნდნენ. ეს ადამიანი
ერთი წლის განმავლობაში ჰყავდათ დავერბოვკებული, მონაზონი, რომელიც
რეზიდენციაში ცხოვრობდა, აწვდიდა ინფორმაციას უშიშროების სამსახურს.
მითხრეს მასზე – ან ჩაუყარე საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, ხელზე
მოუსმევ და ერთ საათში აღარ იქნება.“
ეპისკოპოსის თქმით, ის ადამიანი, ვისზეც საუბრობს, მოქმედი მაღალი
თანამდებობის პირია და მთავრობის წარმომადგენელია: „თუ მთავრობა მას
არ გაემიჯნება, ჩემთვის კიდევ ბევრ რამეზე გაიფანტება სინათლე.“
მისივე თქმით, ამჟამად შესაძლოა, მასზე განხორციელდეს სხვადასხვა
ტიპის პროვოკაცია:
„
ეს ადამიანი გაილახა. თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან
კუდამოძუებული. მე კი, როგორც მღვდელმთავარმა, ხელი არ დამიკარებია –
მაღალი მოთმინების ვალდებულება მაქვს. მაგრამ დღეს მისგან ყველაფერი
მოსალოდნელია.“
მეუფე გიორგი ამბობს, რომ აღნიშნულ პირს მან მონანიების შესაძლებლობაც
მისცა: „ორი თვის წინ მონაზონი, რომელიც იმ უწყებასთან იყო კავშირში,
მე გავაგდე ეპარქიიდან. როგორც ჩანს, ისიც გადააგდეს და როცა მიხვდა,
რომ მხოლოდ გამოყენებული იყო, შემხვდა, მომიყვა ყველაფერი და ამხილა
ის, ვისზეც ახლა ვსაუბრობ.“
მისივე თქმით, ეკლესიაში შესაბამისი შიდა პროცედურები უკვე
დასრულებულია – პირი, რომელიც ეჭვმიტანილია შეთქმულებაში, ეკლესიიდან
განიკვეთაო: „
ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი,
რომელიც ამზადებდა ჩემს ლიკვიდაციას.“
ამ ეტაპზე მეუფე გიორგი ჯამდელიანი არ პასუხობს რადიო „მარნეულის“
ზარს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განაცხადეს, რომ
შეისწავლიან საკითხს და დააზუსტებენ, დაიწყებს თუ არა უწყება რაიმე
ტიპის სამართლებრივ რეაგირებას მეუფის საჯარო განცხადების
საფუძველზე.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ მეუფე გიორგიმ გააკრიტიკა ხელისუფლება
და უსამართლო უწოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას მედიამენეჯერ მზია
ამაღლობელის წინააღმდეგ – ფიზიკური შეხების ეპიზოდში (სილის გაწნა)
4-დან 7 წლამდე პატიმრობის მოთხოვნას.
რადიო „მარნეული“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და შეეცდება მოიპოვოს
ოფიციალური კომენტარი ყველა მხარისგან.