დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ დღის ცენტრი გახსნა და გამოაქვეყნა
ინფორმაცია, რომელშიც მხოლოდ მუნიციპალიტეტის წვლილზე საუბრობს.
მერიამ ინფორმაციაში არ ახსენა ევროკავშირის მხარდაჭერა და
პარტნიორობა, რის საფუძველზეც გარემონტდა და აღიჭურვა ცენტრი.
დმანისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 6-დან 18 წლამდე,
ბავშვებისათვის დღის ცენტრის სერვისის მიმწოდებალი ა(ა)იპ „ბავშვი,
ოჯახი, საზოგადოებაა“. ორგანიზაციამ 2024 წელს ევროკავშირის მიერ
დაფინანსებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა და დმანისის დღის ცენტრის
გახსნისათვის საჭირო თანხა მიიღო.
2022 წლიდან ქვემო ქართლში მიმდინარეობს პროექტი „სამოქალაქო
საზოგადოების გაძლიერება პოსტკოვიდ და მწვენე აღდგენისათვის“, რომლის
ფარგლებშიც 2024 წელს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა
სოციალური სერვისების და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერმა, ნინო თევზაძემ განაცხადა,
რომ ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებამ“ სწორედ აღნიშნულ კონკურსში
გაიმარჯვა და დაფინანსება მიიღო.
„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებამ“ შემოიტანა ძალიან
საინტერესო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა დღის ცენტრის შექმნას
დმანისის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოემსახურებოდა ადგილზე არსებულ
სპეციალური საჭიროების პირებს და ეს პროექტი მოიაზრებდა როგორც დღის
ცენტრის ფიზიკური სივრცის მოწყობას, ასევე ამ ცენტრის მმართველობითი
სისტემის აწყობას - დოკუმენტების შემუშავებას, თანამშრომლების აყვანას
და გადამზადებას სტანდარტების შესაბამისად. პროექტი ასევე მოიაზრებდა
აკრედიტაციის აღებას სახელმწიფოს მხრიდან, რათა დღის ცენტრს
შესაძლებლობა ჰქონოდა კვოტები მოეპოვებინა ამ ცენტრის ასამუშავებლად
და ერთ-ერთი კომპონენტი იყო ასევე საინფორმაციო კამპანია
მოსახლეობაში, რომ ასეთი ცენტრი არსებობს“. - განაცხადა
ნინო თევზაძემ
ნონო თევზაძის განმარტებით, ევროკავშირმა დმანისში დღის ცენტრის
გასახსნელად 9 590 ევროს ოდენობის გრანტი გასცა. დმანისის
მუნიციპალიტეტმა კი ორგანიზაციას გადასცა შენობა, სადაც დღის ცენტრი
იფუნქციონირებს და გააფორმა მემორანდუმი. CENN-ის პროექტების მენეჯერი
განმარტავს, რომ დმანისის მერიას ცენტრის გასახსნელად ფინანსური
რესურსი არ დაუხარჯავს.
დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს
განუცხადა, რომ ევროკავშირს არანაირი ფინანსური დახმარება არ გაუწევია
ცენტრის გასახსნელად. აცხადებს, რომ დღის ცენტრი მხოლოდ დმანისის
მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით გაიხსნა. დმანისის
მერი ასევე დაგვემუქრა, რომ დაიწყებს სამართლებრივ დავას იმ
შემთხვევაში, თუ მისი კომენტარი არასწორად გაშუქდება. შესბამისად,
გთავაზობთ კობა მურადაშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.
„ყველაფერი დავიწყეთ ნულიდან მე და ჩემმა სოციალურმა
სამსახურმა და მივიყვანეთ ბოლომდე. რაის ფინანსური მხარდაჭერა, სად
არის აბა ფინანსური მხარდაჭერა. არ ვიცი, ვინმეს რამე თუ ჩაურიცხა
ჩემთვის ეს არ ჩანს“. - ამბობს კობა მურადაშვილი
დმანისის მერის თქმით, ევროკავშირი მათთან შეხებაში არაა და
მერიისთვის არ მიუცია გრანტი. მურადაშვილი ასევე აცხადებს, რომ მას
ევროკავშირის მიერ ცენტრის გახსნისათვის გამოყოფილი დახმარების
შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
„რა შუაშია ევროკავშირი. ადგილობრივი, ჩემი
მუნიციპალიტეტის დაფინანსებით არის იქ ყველაფერი აბსოლიტურად და პლიუს
კიდევ ჯანდაცვის სამინისტროდან არის ვაუჩერები, 15 ვაუჩერი გვაქვს
წამოღებული და რა ვიცი, საედან მოიტანეთ“. - განაცხადა
კობა მურადაშვილმა
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დამფუძნებელი მაია
ბიბილეიშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დღის
ცენტრის გახსნისათვის ევროკავშირისაგან მართლაც მიიღეს ფინანსური
დახმარება - გაარემონტეს მერიის მიერ გადაცემული ფართი, აღჭურვეს
ინვენტარით და დააყენეს პანდუსი. ბიბილეიშვილის თქმით, დმანისის
მერიას სრული ინფორმაცია ჰქონდა პროექტის განმახორციელებლებისა და
დამფინანსებლების შესახებ და ამბობს, რომ დმანისი მერიის
წამომადგენლებმა თავად შესთავაზეს CENN-ის პროექტში მონაწილეობა და
დაფინანსების მოპოვება.
“(დმანისის მერიას) ინფორმაცია ჰქონდა კი არა, პირდაპირ
მათგან იყო ნაკარნახები, რომ გამოცხადებული ჰქონდა CENN-ს საგრანტო
კონკურსი, რომელიც რეგიონებს ეხმარებოდა. დმანისის მერიას თავად აქვთ
რამოდენიმე პროექტი CENN-ის მხარდაჭერით. CENN-ი თავის მხრივ
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ახორციელებდა ამ საგრანტო
მომსახურებას და მათმა მიკარნახეს მაშინ, რომ იქნებ CENN-ს
დაუკავშირდეთ და როდესაც ფართი გადმოგვეცა სარემონტო ხარჯები რომ მათ
გაეწიათ“. - აცხადებს მაია ბიბილეიშვილი
აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დმანისის მერია
ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერას არ ახსენებს. დმანისის
მუნიციპალიტეტს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ორი ჯილდო გადაეცა.
ინფორმაცია მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა და ტექსტში
არცერთგან აღნიშნა რომ, პროგრამა ევროკავშირის მიერ იყო მხარდაჭერილი
და მის დანერგვაში მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ
შეიტანა.
რადიო „მარნეული“