არაფლოელები მერიასთან და პოლიციასთან სოფელში ნარკორეალიზატორების დაკავებას ითხოვენ
სოფელ არაფლოს, დაახლოებით, ოცი მკვიდრი ამ წუთებში მარნეულის მერიის წინ არიან შეკრებილი და ითხოვენ ყურადღება მიექცეს და სათანადო რეაგირება მოხდეს სოფელში არსებულ ნარკორეალიზაციის პრობლემას.

მოსახლეობა რადიო „მარნეულის“ პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ სოფელში ნარკოტიკების რეალიზაცია დაუფარავად, ღიად მიმდინარეობს. მათი თქმით, უკვე მიმართეს მარნეულის პოლიციას, თუმცა სამართალდამცველებმა მათგან მტკიცებულებები მოითხოვეს.

სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ არაფლოში ყველამ იცის, ვინ არიან ნარკორეალიზატორები, მათი ვინაობა არ არის დამალული და პოლიციისთვის მათი გამოვლენა არ უნდა იყოს რთული.

ერთ-ერთი ადგილობრივის განმარტებით, მერიასთან მისვლის მიზეზი ის არის, რომ აღარ იციან ვის მიმართონ, ამიტომაც მოვიდნენ ქალაქის „პატრონთან“ – მერთან, და ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ზაურ დარგალთან, რათა შეძლონ და რეაგირება მოახდინონ ამ პრობლემაზე კომპეტენციის ფარგლებში.

მოქალაქეები მერიის შესასვლელში იდგნენ და ზაურ დარგალთან და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათივე განმარტებით, თვითმმართველობიდან და დარგალის ბიუროდან არავინ გამოსულა მათთან გასასაუბრებლად.

მოქალაქეებთან ერთად მერიასთან მივიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მარნეულის საკრებულოს დეპუტატი რამო ახმედოვი შეხვდა მარნეულის მერს, კენან ომაროვს და როგორც ამბობს, ომაროვისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ მერმა არაფლოელების მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელამდე მიიტანა. თუმცა, აღნიშნული საკითხის მოგვარება მისი კომპეტენცია არაა და მოქალაქეებს კვლავ პოლიციისათვის მიმართვა ურჩია.

არაფლოელები მარნეულის პოლიციის შენობასთან გადადიან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები