მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელი შეუცვალეს
13:55 / 16.06.2025
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე სახელი შეეცვალა მერიის
გენდერული თანასწორობის საბჭოს და დაერქვა ქალთა და ბავშვთა
საკითხებზე მომუშავე საბჭო.
აღნიშნულ ცვლილებას კენჭი დღეს, 16 ივნისს გამართულ მარნეულის
საკრებულოს სხდომაზე უყარეს. საკითხი განსახილველად საკრებულოს
აპარატის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციების და
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ია ესებუამ
გამოიტანა. სიტყვა “გენდერი”-ს ამოღება საკანონმდებლო ცვლილებების
გამო გახდა საჭირო.
„დღევანდელ სხდომაზე, ჩვენ შევუცვალეთ გენდერული
თანასწორობის საბჭოს სახელი და გახდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე
მომუშავე მუნიციპალური საბჭო. რეალურად, ფუნქციები დაგვემატა იმიტომ,
რომ წინა შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობდით ქალთა და კაცთა საკითხებზე ახლა
დაგვემატა ბავშვთა საკითხებზე მუშაობა. განვსაზღვრეთ საბჭოს წევრთა
რაოდენობაც , რომელიც ასევე კანონით არის განსაზღვრული. საბჭოს
შემადგენლობა უნდა იყოს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 21. ამ საბჭოს
დებულების მიხედვით უნდა იმუშაოს საკრებულოს კომისიის წევრებმა,
ფრაქციის წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩართული
არიან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუშაობის პროცესში. „
ია ესებუას თქმით, ჯერჯერობით უცნობია
საბჭოს ხელმძღვანელის ვინაობა. მისი არჩევა საბჭოს დაკომპლექტების
შემდეგ იქნება შესაძლებელი.
სიტყვა „გენდერი’“ ერთი თვის წინ ამოიღეს საკრებულოს აპარატის
განყოფილებიდან. „გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან
ურთიერთობების განყოფილება” ახლა უკვე შეცვლილია „ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის, ინოვაციების და საერთაშორისო ურთიერთობების
განყოფილებად“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კანონმდებლობიდან ტერმინის „გენდერი“
ამოღებას 2025 წლის მარტში დაუჭირა მხარი. „ქართული ოცნების“
პარლამენტში კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები „ქართული
ოცნებისა“ და მისგან გამოყოფილი ე.წ. ოპოზიციის „ხალხის ძალის“
დეპუტატები იყვნენ. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ტერმინი
„გენდერი“ საქართველოს კანონმდებლობიდან გაქრა და ის ჩაანაცვლა
„ქალისა და კაცის თანასწორობამ“.
გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და
აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების,
თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს.