რა ქონებას ფლობს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე - დეკლარაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
გიორგაძის მეუღლემ, იამზე გელაშვილმა 2024 წლის 11 ივლიის 80 000
ლარად შეისყიდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისიში, სოფელ
დიღომში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე
განთავსებულია 303.5 კვ.მ შენობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2024 წლის 23
სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგაძე 2
უძრავ ქონებას ფლობს, ხოლო მისი მეუღლე, იამზე გელაშვილი 4 უძრავი
ქონების მესაკუთრეა.
ამირან გიორგაძის საკუთრებაშია 2004 წელს მემკვიდრეობით მიღებული
მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სოფელ საიმერლოში და 2019 წელს
ჩუქებით მიღებული, 102,2 კვ.მ, ბინა თბილისში - მჩუქებლის ვინაობა
დეკლარაციაში მითითებული არაა.
ამირან გიორგაძის მეუღლის, იამზე გელაშვილის საკუთრებაშია 2021 წელს 3
000 დოლარად შესყიდული 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მარნეულში,
აეროდრომის მიმდებარედ. გელაშვილი ასევე რამდენიმე უძრავი ქონების
თანამესაკუთრეა.
იამზე გელაშვილი, მაკა ტაბატაძე და მარეულის საკრებულოს კომისიის
თავმჯდომარე, ვასილ ხახულაშვილი ქალაქ მარნეულში მდებარე 7 000 კვ.მ
მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან. იამზე გელაშვილმა აღნიშნულ
მიწის ნაკვეთში 2022 წელს 10 000 ლარი გადაიხადა.
გელაშვილი, ტაბატაძე და ხახულაშვილი ასევე თანამესაკუთრეები არიან
ქალაქ მარნეულში, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 3 000
კვ.მ მიწის ნაკვეთის. იამზე გელაშვილმა აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 2017
წელს 3 000 დოლარი გადაიხადა.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე ასევე ფლობენ
ავტომანქანებს, რომლებიც 2023 და 2024 წელს შეისყიდეს. ამირან
გიორგაძის საკუთრებაშია 2023 წელს 10 000 დოლარად შესყიდული TOYOTA
RAV4, ხოლო იამზე გელაშვილმა 2024 წელს 30 000 დოლარად შეიძინა GX
460.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იამზე გელაშვილი 2023 წელს თბილისის
შპს ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლაში დამხმარე მასწავლებლად
მუშაობდა და ხელფასის სახით წლის განმავლობაში 3 061 ლარი და 22 თეთრი
აიღო. იამზე გელაშვილის შემოსავალში ფიქსირდება იჯარის შემოსავალიც,
რომელიც ყოველწლიურად 6 000 ლარს შეადგენს. ამირან გიორგაძემ 2023
წლის განმავლობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ხელფასის
სახით 54 300 ლარი და 72 თეთრი აიღო.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები
რამდენიმე თვის განმავლობაში არ საჯაროვდებოდა. ანტიკორუფციულ ბიუროში
აცხადებდნენ, რომ დეკლარაციების ვებგვერდი 6 თვის განმავლობაში
რეკონსტრუქციის გამო იყო ხელმიუწვდომელი და მასზე წვდომა „ქართული
ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდგომ
განახლდა.
რა არის ქონებრივი დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:
თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკორუფციული
ინსტრუმენტია. ამ გზით საქართველოში თანამდებობის პირებს ყოველ წელს
ევალებათ საკუთარი კავშირების, ინტერესის, ქონებისა და ფინანსების
გასაჯაროება. პროცესი ელექტრონულია და შევსებული დეკლარაციები
ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებგვერდზე – declaration.acb.gov.ge.
საჯაროობას აქვს როგორც პრევენციის მიზანი, რომ თანამდებობა პირადი
სარგებლის მისაღებად არ იქნეს გამოყენებული, ისე სხვადასხვა სახის
დარღვევების, მაგალითად თანამდებობის პირების უკანონო გამდიდრების
გამოვლენის მიზანი. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარირების
სისტემა მუდმივად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს. - წერია
აგამჭვირვალობა საქართველოს ვებ-გვერდზე.
საქართველოში მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
საშუალებით გროვდება ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების
კავშირებსა და ინტერესებზე, ისე მათ ქონებასა და ფინანსურ
მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის საშუალებით
გასაჯაროებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, იგი არაა სრულყოფილი და,
ხშირად, აკლია დეტალიზება, რაც ართულებს მონიტორინგის პროცესს.
რადიო „მარნეული“
რადიო „მარნეული“