საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ
მარნეულისა
და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ ქვემო ქართლის
სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის
წინააღმდეგ გამოტანილი, საეპისკოპოსო სასამართლოს, განაჩენის
შეჩერების რეკომენდაცია გასცა.
19 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს
ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 20 ივნისს გავრცელდა.
“
მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში
გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის
სხდომა.
სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და
ჰუჯაბის
ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი
მოვლენების შესახებ.
მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ
შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა
დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო
სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი
შეჩერდეს”. - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი
ჯამდელიანმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე,
გიორგი შინჯიკაშვილი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. მეუფე
გიორგიმ 6 ივნისს გამართა საეპისკოპოსო სასამართლო, სადაც მოსამართლე
და მსხვერპლიც თავად იყო.
საეპისკოპოსო სასამართლომ მონოზონ თელა კუბლაშვილის ჩვენების
საფუძველზე გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო. მეუფე გიორგის
განმარტებით, მონაზონმა მას გაუმხილა, რომ შინჯიკაშვილი დედაო თეკლას
მეუფის მოწამვლას აიძულებდა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე
პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლის
საფუძველზე დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
მეუფე გიორგიმ განაცხადა, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და
ჩვენებას არ მისცემდა.
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ასევე განაცხადა, რომ დედაო თეკლა
ეპარქიიდან წასული იყო და მასთან კონტაქტი აღარ ჰქონდა.
ჟურნალისტმა
ელისო კილაძემ მონაზონ თეკა კუბლაშვილს ყაზბეგში, ერთ-ერთ საოჯახო
სასტუმროში მიაკვლია. კილაძის განმარტებით, მონაზონი მარნეულისა და
ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი ჯამდელიანს ჰყავს გადამალული და
აძლევს დირექტივებს თუ რა უნდა ილაპარაკოს.