აგილ მუსტაფაევი "ლელოს” წარმომადგენელი მარნეულში - "არ უნდა დავთმოთ არც ერთი საარჩევნო უბანი მმართველი პარტიისთვის"
პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, მონაწილეობა
მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში,
პარტიის რიგებიდან რამდენიმე წევრის წასვლა მოჰყვა. ამ ფონზე, „ლელოს“
პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის რეგიონული წარმომადგენელი, აგილ
მუსტაფაევი, საკუთარ პოზიციას განმარტავს.
მუსტაფაევის განცხადებით, პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც
თავადაც აქტიურად იყო ჩართული. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება
მოქალაქეებთან, მათ შორის რეგიონებისა და სოფლების ამომრჩევლებთან
გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების საფუძველზე იქნა
მიღებული.
„მე პირადად მჯერა, რომ დღევანდელ ვითარებაში, აუცილებელია,
ყველა შესაძლო გზით ვიბრძოლოთ მმართველი დიქტატურის წინააღმდეგ. ეს
ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს როგორც ქუჩაში, მედიაში, საერთაშორისო
ასპარეზზე, ასევე მთლიანად საქართველოს მასშტაბით,“ –
განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.
„ჩვენ ამ პროცესს უბრალოდ „არჩევნებში მონაწილეობას“ არ
ვუწოდებთ. ეს არის ბრძოლა მმართველ პარტიასთან, რომელიც ძალადობრივად
იპარავს ჩვენს უფლებებს. ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებზე მივდივართ, როგორც
ბრძოლის კიდევ ერთი ფორმით და იარაღით,“ – დასძინა მან.
მუსტაფაევი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ყველა ფორმა მნიშვნელოვანია და
პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან, გადაწყვეტილებების მიღებისას
ყველა მოქალაქის ხმა გაითვალისწინონ. მისი თქმით, მმართველი პარტია
მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებებს ითვალისწინებს, რასაც „ლელო“ არ
იზიარებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციებს,
თუმცა მიგვაჩნია, რომ არ უნდა დავთმოთ არც ერთი სფერო და არც ერთი
საარჩევნო უბანი მმართველი პარტიისთვის. ბრძოლა გაგრძელდება ყველგან,
მათ შორის საარჩევნო უბნებზე,“ – აღნიშნა მან.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აგილ მუსტაფაევის თქმით, ამ ეტაპზე
კონკრეტული განხილვები არ გამართულა. მისი ვარაუდით, პარტიის
ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ
მიიღება შესაბამის გადაწყვეტილებები, რის შესახებაც საზოგადოებას
დროულად ეცნობება.
ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დადასტურებული
აქვს კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „გახარია
საქართველოსთვის“.
ბოლო კვირებში რვა ოპოზიციონერი დააკავეს სადავო საპარლამენტო
დროებითი საგამოძიებო კომისიის („წულუკიანის კომისია“) სხდომაზე
გამოუცხადებლობის გამო. მათ შორის არიან „ლელო – ძლიერი საქართველოს“
ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. აღსანიშნავია, რომ
მიუხედავად დაკავებისა, „ლელო“ ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას,
ხოლო ლიდერებმა უარი განაცხადეს მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებულ
შეწყალებაზე.
ამავე დროს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“,
რომელთა ლიდერებიც ასევე დაკავებულები არიან, უარს ამბობენ როგორც
შეწყალებაზე, ასევე არჩევნებში მონაწილეობაზე.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც უპირატესად „ქართული
ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის
მიერ არაპირდაპირი გზით იქნა არჩეული, 4 ივლისს დაპატიმრებულ
ოპოზიციურ ლიდერებს შესთავაზა, მიემართათ მისთვის შეწყალების
მოთხოვნით. მისი თქმით, ეს დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუკი ოპოზიციური პარტიები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში
მონაწილეობის პირობას დადებდნენ.