მსოფლიო ამბების მოკლე მიმოხილვა
ხარკოვზე რუსეთის დრონული შეტევა – დაზიანებულია სამშობიარო
სახლი
უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული დრონული
შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა.
ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმები ხარკოვის
ცენტრს მიაყენეს, სადაც დაზიანდა სახლები და სამშობიარო სახლის
შენობა. კლინიკაში მყოფი პაციენტები უვნებელი არიან და სხვა
სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს
ხარკოვზე ბოლო პერიოდში
განხორციელებული მეორე მასშტაბური დრონული შეტევაა.
ივნისში უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლმა პიკს
მიაღწია – გაეროს მისია
უკრაინაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის გაეროს მისიის
მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ომის შედეგად დაიღუპა 232 და დაიჭრა
1343 სამოქალაქო პირი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი
მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ
რუსეთმა ივნისში ათჯერ მეტი რაკეტა და საბრძოლო მასალა გამოიყენა,
ვიდრე 2024 წლის ივნისში. 2024 წლის 24 თებერვლიდან დღემდე,
დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 13 580
სამოქალაქო პირი, მათ შორის 716 ბავშვი.
ზელენსკი: დრონების წარმოებაში დაფინანსების დეფიციტი
დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში, „უკრაინის აღდგენის
კონფერენციაზე“ განაცხადა, რომ „პუტინს ორი რეალური „მოკავშირე“ ჰყავს
- ტერორი და ზამთარი. ჩვენ ორივეს უნდა გავცეთ პასუხი.“ მან აღნიშნა,
რომ რუსეთი ინტენსიურად უტევს უკრაინას განახლებული დრონებითა და
რაკეტებით, რაც „წმინდა წყლის ტერორიზმია.“ ზელენსკიმ პარტნიორებს
მოუწოდა, გაზარდონ ინვესტიციები სამხედრო წარმოებაში, განსაკუთრებით
ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებში, რადგან „როცა რუსეთი
აძლიერებს თავდასხმებს, ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს დაფინანსების
დეფიციტი დრონების წარმოებაში.“
ტრამპი რუსეთზე „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებას
აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს (14 ივლისს) რუსეთის
შესახებ „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებას გეგმავს. ტრამპმა,
რომელიც ბოლო ხანს ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას რუსეთის
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით უკრაინაზე მასირებული შეტევების გამო, არ
დააკონკრეტა განცხადების შინაარსი. მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესი
მიიღებს კანონპროექტს ახალი სანქციების შესახებ, თუმცა მათი
ამოქმედება საბოლოოდ მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ნატოსთან მიაღწია შეთანხმებას ამერიკული
იარაღის, მათ შორის Patriot-ის სარაკეტო კომპლექსების, ალიანსის მიერ
შესყიდვასა და უკრაინისთვის განაწილებაზე.
აშშ და ირანი 12-დღიანი ომის შემდეგ მოლაპარაკებების
განახლებისთვის ემზადებიან
აშშ და ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად ემზადებიან,
მიუხედავად ძლიერი დაძაბულობისა და დაბალი ნდობისა. მოლაპარაკებები,
რომელიც თავდაპირველად 10 ივლისს ოსლოში იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ,
მომავალი კვირისთვის გადაიდო. ეს იქნება ბირთვული დიპლომატიის
პოტენციური რესტარტი მას შემდეგ, რაც ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო
დარტყმების სამიზნედ ირანის ბირთვული ობიექტები იქცა. ირანი
დიპლომატიას ემხრობა, თუმცა ითხოვს გარანტიებს, რომ ნებისმიერი
შეთანხმება მოიცავდეს ისრაელის მიერ შემდგომი თავდასხმების თავიდან
აცილებას.
ბრიტანეთი და საფრანგეთი უსაფრთხოებასა და თავდაცვაში
თანამშრომლობას აძლიერებენ
გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერები, კირ სტარმერი და
ემანუელ მაკრონი, ლონდონში შეთანხმდნენ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში
თანამშრომლობის გაზრდაზე. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია
დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და წესებზე დაფუძნებული
საერთაშორისო წესრიგის ერთგულება. ისინი კვლავ ადასტურებენ რუსეთის
უკრაინაში გამარჯვების დაუშვებლობას და უკრაინისთვის ხანგრძლივი
დახმარების გაწევის მზაობას. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ „ჩრდილოვანი
ფლოტის“ წინააღმდეგ პარტნიორობის წამოწყებაზე ლა-მანშის სრუტეში
რუსული ნავთობის გადაზიდვის აღსაკვეთად და ნედლ ნავთობზე ფასის
ლიმიტის დაწევაზე. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში ევროპის სამეზობლოს
ნაწილში საქართველო არ არის მოხსენიებული, მოწოდებაა სომხეთსა და
აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასასრულებლად.
მერცი უკრაინის დასახმარებლად მიმართავს ტრამპს: „დადექი ჩვენ
გვერდით, ევროპელების გვერდით“
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ
გერმანია პარტნიორებთან კოორდინაციით უკრაინისთვის დამატებით
დახმარებას მობილიზებას უწევს. მან რომში გამართულ „უკრაინის აღდგენის
კონფერენციაზე“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, დადგეს
ევროპის გვერდით უკრაინის დასაცავად და იმოქმედოს დამატებითი
ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ის,
მიწოდებისთვის. მერცმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მჭიდრო კონტაქტშია
აშშ-ის მთავრობასთან და ტრამპთან.
ნიდერლანდში რუს კაცს სანქციების დარღვევისთვის პატიმრობა
მიუსაჯეს
ნიდერლანდის სასამართლომ 43 წლის რუსი მამაკაცი საერთაშორისო
სანქციების დარღვევაში დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯა. იგი რუსეთში მყოფ პირებს უზიარებდა კონფიდენციალურ
ინფორმაციას ნახევარგამტარული ჩიპების მწარმოებელი ASML-ისგან და სხვა
ტექნოლოგიური კომპანიებისგან. სასამართლომ განაცხადა, რომ ეს ქმედება
„უკიდურესად სერიოზულია“ და შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო
და სტრატეგიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც „შედეგებს მოჰყვება
უკრაინისთვის და ირიბად საერთაშორისო უსაფრთხოებისა და
სტაბილურობისთვის.“
ევროპარლამენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის
გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში
უნდობლობის ვოტუმს გადაურჩა. წინადადება, რომელიც ძირითადად
ულტრამემარჯვენე კანონმდებლებმა წამოაყენეს, ვერ მიიღო ხმების საჭირო
ორი მესამედი. ვოტუმის ინიციატორი რუმინელი ნაციონალისტი გეორგე
პიპერეა იყო, რომელიც ფონ დერ ლაიენს, სხვა საკითხებთან ერთად,
COVID-19 პანდემიის დროს ვაქცინების მწარმოებელ კომპანია Pfizer-ის
აღმასრულებელ დირექტორთან ტექსტური შეტყობინებების არგასაჯაროების
გამო აკრიტიკებდა. ფონ დერ ლაიენმა კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ
მისმა მიდგომამ ვაქცინაზე თანაბარი წვდომა უზრუნველყო
ევროკავშირში.