„ამდენი წელია მანდ ხარ, მოითმინე“ — ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომლის დუმილი შვილმა გაარღვია
„თოჯინებით ვთამაშობდი და უცებ ოჯახის შექმნა დამევალა“, — ასე იწყებს თხრობას მარნეულელი ქალი, რომელიც 15 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს. არასრულწლოვანების ნაადრევი ქორწინება მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ეს ისტორიებია შიშზე, სირცხვილზე, საკუთარ თავთან კონფლიქტზე და შეგუებაზე, რომელიც ხშირად ნომრად იქცევა და გაიძულებს იყო იქ, სადაც არ გინდა.

მარნეულელი ქალი, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო ანონიმურობის გარანტით ჩავწერეთ.

ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის ეშინია, სწორედ ამიტომ გვთხოვა მისი ვინაობის სტატიაში არ გამხელა.

“რამდენჯერ ვთხოვე დედაჩემს, უკან წამიყვანე, აქ ვერ ვიქნები, მაგრამ მისთვის სირცხვილი იყო ჩემი დაბრუნება. ამბობდა, რომ სახელი შეგელახება და როგორ უნდა შემოგხედონ. იმავეს ფიქრობდნენ ჩემი ახლობლებიც. სულ შებოჭილი ვიყავი, მაგრამ თითქოს შევეგუე. ქმარია, შვილები მყავს. თვითონაც ხედავდა მეუღლე რომ ამ ყველაფერს შეგუებული ვიყავი, მაგრამ ძალიან აგრესიული გახდა. შვილებზე დაიწყო აგრესია, მოწევაც ჰქონდა დაწყებული , მაშინვე ვიფიქრე, რომ არ მინდოდა მასთან ცხოვრება, ისევ დედაჩემს დაველაპარაკე, დედაჩემი მის ნათესავებს ელაპარაკა და ასე თქვეს, სირცხვილია, ბავშვებს მშობელი სჭირდებაო. ამდენი წელია მანდ ხარ, მოითმინე, ჩვენმა ჩარევამ შესაძლოა უარესი ქნასო. “
- გვიყვება ანონიმური რესპონდენტი.

ანისთვის (სახელი შეცვლილია) ადრეულ ასაკში ქორწინება მრავალი გამოწვევის დასაწყისი აღმოჩნდა. სიღარიბე, დამოუკიდებლობის არქონა, ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური ძალადობა მის ყოველდღიურ რეალობად იქცა. ხმამაღლა საუბარი საკუთარ მდგომარეობაზე ვერ შეძლო ოჯახის, საზოგადოების და სირცხვილის შიშის ფონზე, თითქოს სიჩუმე მისთვის ერთადერთი შესაძლებელი არჩევანი იყო. გარდამტეხი მომენტი კი სწორედ მაშინ დადგა, როცა მისი შვილი გაიზარდა და მამის ძალადობრივი ქცევა გააცნობიერა.

“ყველაფერი დასრულებული მეგონა. მე ხომ შევეგუე სიტუაციას, მაგრამ ჩემი შვილი, რომელიც გაიზარდა და 15 წლის გახდა, ვერაფრით ეგუებოდა , რცხვენოდა მამამისის საქციელის, ძალადობდა ბავშვებზეც ჩემზეც და ოჯახში ყველაფერს ვხედავდით. ჩემზე უკეთ შვილმა გაანალიზა ეს ყველაფერი და გარდამტეხი მომენტი იყო ის, რომ ერთხელ ჩემმა ქმარმა კომპიუტერი ესროლა ბავშვს და იმდენად ყელში ამოუვიდა ყველაფერი მითხრა, შენსავით ვერ მოვითმენ დედა ამ ყველაფერსო. მე შენსავით „მაგარი“ ვერ ვიქნებიო. ვიცი რომ ისედაც ჩვენს გამო ითმენ ყველაფერსო , იმას ვერ აანალიზებ რომ შენს შვილებს მომავალ უკლავო იმ დონემდეც იყო ბავშვი მისული რომ სახლიდან გეგმავდა წასვლას. არ ვიცი ამას როგორ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჩვენს ოჯახში ძალადობამ ჩემი შვილი გააძლიერა. აი, ამ 15 წლის ბავშვმა გაბედა ისევ და დარეკა იქ სადაც საჭირო იყო, მოვიდა პოლიცია, ქმარმა აღიარა ყველაფერი და გეფიცებით, მის მერე ამოვისუნთქე. მე მართლა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ბავშვმა რომ ეგ ნაბიჯი გადადგა, ამოვისუნთქე, გონებაც გამინათდა, იცით? მაშინ ყველაფრის მეშინოდა და ახლა დღეს არაფრის მეშინია. იმ წლების გახსენებაც კი არ მინდა, არასდროს ვყოფილვარ არავის დაბადების დღეზე, ბოლო დაბადების დღე 14 წლის რომ ვიყავი მაშინ გადავიხადე და მახსოვს, მაშინ ვიყავი ყველაზე ბედნიერი.”
- ამბობს ის.

რესპონდენტი, რომელიც ჩვენთან ანონიმურობის დაცვით საუბრობს, ამბობს, რომ ხმის ამოღება შიშის გამო ვერ შეძლო — შიშის, რომელიც გაძლიერდა მაშინ, როცა მიხვდა: არ ჰყავდა არცერთი ადამიანი, ვისთვისაც შეიძლება დახმარებისთვის მიემართა. არ ჰქონდა ინფორმაცია, ვინ შეიძლებოდა მის გვერდით დასდგომოდა.

“აქ რომ ყოფილიყო ისეთი რამე, სადაც მიმართვა შემეძლებოდა აუცილებლად მივმართავდი, ოღონდ ისე რომ არავის გაეგო ეს ყველაფერი. არაფერი ვიცოდი მართლა, ტელეფონიც კი არ მქონდა, სად იყო იმის საშუალება რომ ტელეფონი მეყიდა. ყველას მინდა ვუთხრა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ამოიღონ ხმა, იბრძოლონ თავიანთი ოცნებებისთვის, მე ვერც განათლებაა მივიღე, ბავშვობაც წამერთვა. ახლა მართვის მოწმობის აღება მინდა და ერთი სული მაქვს როდის მივაღწევ ამ მიზნის. მუშაობაც დავიწყე ერთ-ერთს აიფონ 15 ვუყიდე. ისეთი გახარებულია, თან რაზეც ვოცნებობდი და არ მქონდა, ორ იმდენს ვცდილობ რომ მათ გავუკეთო.”
- გვიყვება ის.

მარნეულში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული მომსახურებები საკმაოდ შეზღუდულია. ერთ-ერთი სივრცე, კრიზისული ცენტრია, სადაც 2024 წლის განმავლობაში მხოლოდ 16 მარნეულელმა ქალმა მიმართა. ეს ციფრი მკვეთრად არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც სხვა უწყებების, მაგალითად პოლიციის, სტატისტიკაში ჩანს, სადაც ძალადობის შემთხვევები გაცილებით მაღალია. ეს შესაძლოა მიუთითებს როგორც ცნობიერების დეფიციტზე, ასევე სერვისებზე წვდომის რეალურ სირთულეებზე.

მოსახლეობაში არსებული დაბალი მიმართვიანობა მხოლოდ ცნობიერების ნაკლებობაზე არ მიუთითებს. პრობლემა გაცილებით ღრმაა. ქალებს ხშირად თავად გარემო არ აძლევს საშუალებას, რომ ხმამაღლა ისაუბრონ ან გამოსავალი ეძებონ ფსიქოლოგ მაია ცირამუა ამას საზოგადოებაში ფესვგადგმულ კულტურულ და სოციალურ მოლოდინებს უკავშირებს, რომლებიც ქალს არჩევანის თავისუფლებას ართმევს და განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში მასზე შეუფერებელ პასუხისმგებლობებს აკისრებს.

„მოზარდი არ შეიძლება იყოს ისეთი უღელის ქვეშ, სადაც მას ეკისრება მისი ასაკისათვის შეუსაბამო როლის შესრულება, პასუხისმგებლობა. ან ფიზიოლოგიურად ისეთი ფუნქციის შესრულება , რისთვისაც არც ემოციურად და არც ფსიქოლოგიურად ის მზად არაა. სხვა მოთხოვნები აქვთ ამ დროს ბავშვებს. ამის გამო ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და ხდება მერე ამ ყოფასთან შეგუება და ეს, არამარტო მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, რომ დარჩა განათლების გარეშე, სოციალურად გაღარიბებულია, არ აქვს კონტაქტები, არ ჰყავს მეგობრები, არ აქვს პროფესია და ა.შ. ბავშვი ვერ გამოდგება ბავშვის აღმზრდელად. ვერც ემოციურად დაიტევს, ვერც ფიზიკურად გაუძლებს. თქვენ მიერ მოყოლილი შემთხვევა კარგად აჩვენებს რამხელა მნიშვნელობა აქვს განათლებას, ესაა შემთხვევა, როდესაც შვილმა გააცნობიერა და შვილმა შეძლო წინ აღსდგომოდა ამ ოჯახურ ტრავმას. მე ამას ტრავმას დავარქმევ. ნაადრევი ქორწინება არის ტრავმა ფსიქოლოგიური, რომელიც არ რჩება იმ ლოკალურ თაობაში და ის მომდევნო თაობებსაც გადაეცემა. ძალიან მრავალგანზომილებიან პრობლემასთან გვაქვს საქმე. „ - ამბობს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის თქმით, ფსიქოლოგიური ტრავმის ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ ის საზოგადოებრივი წნეხია, რომელიც ქალს არჩევანის თავისუფლებას ართმევს. განსაკუთრებით პატრიარქალურ გარემოში, სადაც ქალის როლი ცალსახად „მეოჯახეობასა“ და „დედობას“ უკავშირდება, რაც ქალის სხვა სახის წარმატებებს ხშირად შეუმჩნეველს ხდის.

„როდესაც შენ ქალის მთელ არსს დებ იმაში, რომ ის თუ დედა არ არის, მეოჯახე არ არის, ნაკლოვანია, ეს დიდი უსამართლობაა და საზოგადოებრივი აზრი ამაზე გავლენას ახდენს. სირცხვილი ძალიან ღრმადჩამჯდარი ემოციაა ადამიანში. სირცხვილი რომ არ განიცადოს, ადამიანი ხშირად მიდის ძალიან სერიოზულ საზღაურისთვის რომ სხვამ არ თქვას, რომ ეს გაშორებული ქალია, მას არ შეხედონ ზემოდან, მისი დევნა არ დაიწყონ და შევიწროება, რაც ხშირად ხდება. აბსოლუტურად არანორმალური ნორმების გამო ადამიანებს ხშირად უწევთ დარჩნენ ტოქსიკურ გარემოში მსხვერპლად შეეწირონ საზოგადოებრივ აზრს. ყველა ტიპის საზოგადოებისათვის ეს უნდა იყოს უპირველეს, რომ ადამიანს თავისი სქესის მიუხედავად თავისი შესაძლებლობების, განვითარების და რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეს. რამდენი წარმატებული ქალი დაიკარგა ალბათ , როგორც მეცნიერი, მწერალი, ექიმი , იმის გამო რომ ოჯახმა და საზოგადოებამ გადაუწყვიტა რომ მას ეს როლი უნდა ჰქონოდა. „- გვეუბნება ფსიქოლოგი.

მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ქალებს უნდა შეექმნათ უსაფრთხო და მხარდაჭერით სავსე გარემო, სადაც მათ შეეძლებათ თავისუფლად, ხმამაღლა ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე. მისი თქმით, სწორედ თემის აქტიური ჩართულობა და თანადგომა წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს ძალადობის მსხვერპლ ქალთა რეაბილიტაციისა და მათი წარმატებული სოციალური ინტეგრაციის პროცესში.

„ადამიანს უნდა შეექმნას ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ გაბედოს და მივიდეს ისეთ ცენტრებში, რომელიც მას მხარს დაუჭერს. მიმართვიანობა რომ დაბალია, ეს აჩვენებს რომ ვერ ბედავენ ადამიანები ამ ნაბიჯის გადადგმას. განათლებას, ინფორმირებას და სათემო მხარდაჭერას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც მე ვიცი რომ სამი-ოთხი ადამიანი მაინც არის, ვინც მე მხარს დამიჭერს, უფრო მყარად წავალ. რისი ეშინიათ რეალურად ქალებს? - იმის, რომ მაინც არაფერი გამოვა, რომ კონფიდენციალურობა იქნება დარღვეული. რომ ეს სისტემა ვერ დამიცავს და კიდევ უფრო გაღრმავდება ეს პრობლემები. ხანდახან ეს შიშები ძალიან რელევანტურია სიტუაციის, გამომდინარე იქიდან რომ ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებიც ვერ ასრულებენ იმ როლს ზუსტად ისე, როგორც ეს უნდა იყოს. ეს არაა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცა ვერ ბედავს ან ინფორმაცია არ აქვს. ხშირად ეს არის იმის გამო, რომ არ არის ნდობა, არის ბევრი ცუდი გამოცდილება და ესეც აფერხებს ქალს და არ უნდა ის ტანჯვა, რომელშიც ცხოვრობს გაათმაგდეს და იმის უფლებაც დაკარგოს რაც მას აქვს“ - ამბობს ცირამუა.

ადგილობრივ დონეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ქალთა მხარდაჭერაზე უნდა ზრუნავდეს, მუნიციპალიტეტია. მარნეულის მერიას მეორე წელია ერთადერთი პროგრამა აქვს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ქალებისათვის, რომლითაც ჯერ არავის უსარგებლია. თვითმმართველობაში მიზეზად მიმართვიანობის არქონას ასახელებენ. მათივე პროგრამის მიხედვით, დახმარება შეიძლება გაეწიოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი/შვილები. ფინანსური მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში 300 ლარს შეადგენს.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ცნობა არასრულწლოვნ(ებ)ის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ, ოჯახის შეფასების დასკვნა /ან სარეკომენდაციო წერილი, ძალადობის ფაქტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები