მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოს მაცხოვრებლები
დაახლოებით 5 თვეა სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობენ.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის
განმავლობაში სასმელი წყალი პერიოდულად მიეწოდებოდათ, ამჟამად ის
თითქმის არ მიეწოდებათ. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ლამია ზეინალოვამ
რადიო “მარნეულს” განუცხადა, რომ სოფლის დეპუტატს დაურეკა და სიტუაცია
აუხსნა, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არავის არ ჰქონია.
„ერთი კვირაა წყალი არ არის. ბოლოს, ერთი კვირის წინ,
როცა ძრავა ჩავრთე, ავზი შევავსე. დეპუტატებს ვურეკავ, არცერთი არ
პასუხობს ჩემს ტელეფონს. წყალმომარაგების კომპანიაში ვურეკავ, არ
პასუხობენ. ასე დავრჩით. სასმელი წყალი არ გვაქვს. ერთხელ მეზობლისგან
შეგიძლია წყლის აღება, მაგრამ მეორედ უკვე გრცხვენია“,
- თქვა ლამია ზეინალოვამ.
სოფლის მაცხოვრებელმა სევდა ასკეროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყლის
პრობლემის პარალელურად ახალი წყლის ხაზების გაყვანისას გადათხრილი
გზების პრობლემაც აწუხებთ. ამბობს, რომ მოსახლეობამ დაზიანებული გზები
საკუთარი ხარჯებით აღადგინა.
„ახალი წყლის ხაზი გაიყვანეს. ღამის 12 საათზე ან 1
საათზე მოდის. ისიც ძალიან სუსტია - წყალი 10 წუთით მოდის, შემდეგ კი
ითიშება. ვერც ავზის შევსება შეგიძლია და ვერც ნორმალურად გამოყენება.
წნევა იმდენად სუსტია, რომ უსარგებლოა. ძველ წყალსადენსაც არ ხსნიან.
ამბობენ, დღეს შევაერთებთ, ხვალ შევაერთებთ, მაგრამ არაფერი არ არის.
ცოდვა არ არის ამ ხალხის დაჩაგვრა ამ ზაფხულის სიცხეში? არ
აკვირდებიან, ყურადღებას არ აქცევენ. დროულად რომ მიექციათ ყურადღება,
სიტუაცია აქამდე არ მივიდოდა და ხალხი უკმაყოფილო არ იქნებოდა.
წყალი კვირაში მხოლოდ ორჯერ მიეწოდება - ორშაბათს და პარასკევს. 5-ჯერ
გათხარეს გზები. ერთხელ გათხარეს, შემდეგ ისევ გათხარეს. თვეების
განმავლობაში ასე იყო. ვიმედოვნებდით, რომ ზაფხული მოვიდოდა და
გამოასწორებდნენ. წყალს თხრილიდან ვიღებთ გასარეცხად. როცა ავზი არ
არის, მეზობლებისგან ან სხვა ადგილიდან მანქანით მოგვაქვს. წყლის
მანქანები ადრე 60 ლარი ღირდა, ახლა კი 100 ლარამდე გაზარდეს ფასი.
მოსახლეობით უნდა დაინტერესდნენ, როგორ არჩენენ თავს ეს ადამიანები?
სოფლის აღმასრულებელმა წარმომადგენელმა იცის სიტუაცია. ამბობენ, რომ
ეს დროებითი პრობლემაა, გამოსწორდებაო“, - თქვა სევდა
ასკაროვამ
როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფროსმა, კახაბერ
ჩოგოვაძემ უთხრა, ყიზილაჯლოს მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად
აგვისტოს ბოლოდან მიეწოდება.
“გარკვეული მილები დარჩა 600-იან მილზე, რომლის
გადართვასაც ეტაპობრივად ახდენს მშნებელი და როგორც კი გადაირთვება,
მაგის მიხედვით გამოსწორდება მდგომაროება. ახლა შეძლებისაგვარად
ვაწვდით წყალს, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. მშენებელი
დაგვპირდა, რომ სიტაცია იქით კვირის ბოლომდე გამოსწორდება. რაც
შეეხება მთლიანად ყიზილაჯლოს გამართვას, აგვისტოს შუა რიცხვებში
ვარაუდობენ. ეს არის კონტრაქტორის ინფორმაცია და ახალ ქსელს
გაუშვებენ” - ამბობს კახა ჩოგოვაძე
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში
2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა
ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო
ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021
წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ
შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი
შეჩერდა.
ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ
კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo -
Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret
Anonim Sirkei“.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი
მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი,
სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.
პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი
წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს
უზრუნველყოფილი.