„ორივე მხარე „ოცნებას“ მისცემს ხმას“ - რა გაჟღერდა გუბერნატორისა და „ორ ბანაკად“ გაყოფილი ყიზილაჯლოელების შეხვედრებზე
სოფელ ყიზილაჯლოში, საკრებულოს დეპუტატსა და მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, როდესაც მაჟორიტარმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა კასც, კრიტიკის გამო, ჩაი შეასხა და ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის გაიწია, მოქალაქეებთან შესახვედრად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე ჩამოვიდა.

გუბერნატორმა სოფელ ყიზილაჯლოში ორი შეხვედრა გამართა - ერთი სოფელში მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობით უკმაყოფილო, ხოლო მეორე მათი საქმიანობით კმაყოფილ ადამიანებთან. ორივე შეხვედრაზე მოქალაქეები

აცხადებნენ, რომ ისნი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. ყიზილაჯლოელებსა და რწმუნებულს შორის შეხვედრას პირდაპირ ეთერში Aktual.ge იღებდა. 

ლევან ხარაბაძემ მოქალაქეებთან საუბარი ქართულად დაიწყო, ადგილზე იყო თარჯიმანიც, მაგრამ თარჯიმანით უკმაყოფილო გუბერნატორმა მოქალაქეებთან საუბრის გაგრძელება რუსულ ენაზე გადაწყვიტა - ორივე შეხვედრაზე აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასა და ქართულენოვან გუბერნატორს შორის დიალოგი რუსულად შედგა.

მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეებთან შეხვედრაზე ყიზილაჯლოელებმა დაასახელეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა გაკეთებაც სოფელში სურთ. სასმელი წყალი, გზა, გარე განათება - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც ადგილობრივებმა გააჟღერეს.

„ჩვენს სოფელში წყალი არაა. ხალხი წყალს ყიდულობს. როგორც გუბერნატორს გთხოვთ, ჩვენი სოფელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, აფრიკისავეთ ვართ. შუქი არაა, განათება არაა, გზა არაა. ეს დეპუტატი და სოფელში მერის წარმომადგენელი სრულიად ნულია. აქ მერი დამნაშავე არაა, საკრებულოს თავმჯდომარე დამნაშავე არაა, დამნაშავეა ჩვენი დეპუტატი და სოფლის რწმუნებული. ჩვენი დეპუტატი 8 წელია იქ ზის და ერთი პრობლემა არ მოუგვარებია, ასეა რწმუნებულიც. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მალე დეპუტატის კარგი კანდიდატი შემოგვთავაზეთ“. - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ

მოსახლეობასთან მეორე შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებს მიმართა, რომ უკვე იყო საქმის კურსში სოფლის ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათ უთხრა, რომ სასმელი წყლის პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი, რის შემდეგაც სოფელში გზების დაგებაც გახდება შესაძლებელი. მეორე შეხვედრაზე, რომელსაც ძირითადად ჯეიხუნ ჩოიდაროვის, მარნეულის საკრებულოს წევრისა და ყიზილაჯლოს მაჟორიტარის, მომხრეები ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულს მიმართა სკოლის ყოფილმა დირექტორმა და როგორც თავად თქვა სოფლის უხუცესმა „აღსაკალმა“, რომელმაც გუბერნატორს უთხრა - „თუ ახლა ხელისუფლება მის (ჯეიხუნ ჩოიდაროვის) კანდიდატურას დაასახელებს, ჩვენ მას მივცემთ ხმას, მაგრამ თუ ხელისუფლება სხვა კანდიდატს დაასახელებს, მასც მისცემს ყველა ხმას“.

„ეს სოფელი არ უნდა გიყოს ორ ნაწილად. იქ შეკრებილი ხალხიც მთავრობის მომხრე ხალხია, აქაც მთავრობის ხალხი ვართ. ყველა ოცნებას მისცემს ხმას, ისინიც და ჩვენც. უბრალოდ, ასე ხალხის ბანაკებად დაყოფა საჭირო არაა“. - განაცხადა ყოფილმა დირექტორმა და „აღსაკალმა“

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეს ღიაობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მოსახლეობას კანდიდატის დასახელებისათვის არ ხვდებოდა. განაცხადა, რომ მოქალაქეებთან გაცნობისა და მათი პრობლემების მოსმენის მიზნით მივიდა, ხოლო მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა ახლო მომავალში იქნება ცნობილი.

მოქალაქეებთან შეხვედრას არ ესწრებოდნენ მარნეულის სხვა მაღალჩინოსნები. მერი, კენან ომაროვი და მისი მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მისი მოადგილეები გუბერნატორთან ერთად ყიზილაჯლოელებთან შეხვედრაზე არ ყოფილან.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, სოფელ ყიზილაჯილოში „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი ადგილობრივ მცხოვრებ მამაკაცებთან შესახვედრად მივიდა. შეხვედრის დასაწყისში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მას კრიტიკული კომენტარი გაუკეთა, ჩოვდაროვმა მას საპასუხოდ ოლიგარქი უწოდა. მერე კი შეაგინა. ამის შემდეგ ჩოვდაროვმა მამაკაცზე გაიწია, მაგიდაზე დადებული ნივთები ესროლა და ჩხუბი დაიწყო.

ჯეიხუნ ჩოიდაროვი წარსულშიც არაერთ კონფლიქტში ფიგურირებდა. ბოლოს, 2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ყიზილაჯილოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აზად ქარიმოვს, ფიზიკურად გაუსწირდა. აღნიშნული ფაქტის გამოძიება დღემდე არ დაწყებულა.

ჯეიხუნ ჩოიდაროვი 2017 წლის 20 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარედ დაჭრეს. მას და კიდევ რამდენიმე პირს ცეცხლსასროლი იარაღით გაუხსნეს ცეცხლი. ჩოიდაროვი მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და შემთხვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. არჩევნების პერიოდში ის კვლავ საავადმყოფოში იყო და მკურნალობას გადიოდა.

რადიო „მარენული“
გარეკანის ფოტო: Aktual.ge-ს ლაივიდან



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები