ინსაფ ალიევის საქმე - რატომ დააკავეს სინდისის პატიმარი და რა მტკიცებულება (არ) აქვს პროკურატურას
16:14 / 08.08.2025
4 აგვისტო. 2025 წელი.
12:03 - სასამართლოს დერეფანში ელოდებიან მამის ნახვას 4 წლის
ამელია და წლინახევრის ალი.
მოუსვენრად დადიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შირის, ხელს
ართმევენ, ეთამაშებიან და ისევ დედასთან მირბიან.
ალი და ამელია ინსაფ ალიევის შვილები არიან. ინსაფი 4 დეკემბერს
დააკავეს პროდასავლურ აქციებში მონაწილეობის გამო.
12:20 - თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი დარბაზის
კარი გაიღო. სინდისის პატიმრების სხდომაზე დასწრების მსურველები ჩქარი
ნაბიჯით მიიწევენ დარბაზისაკენ. ინსაფის მეუღლეს ხელში წლინახევრის
ალი ჰყავს, მეორე ხელი 4 წლის ამელიასთვის აქვს ჩაკიდებული და
სასამართლო დარბაზისაკენ მირბის.
12:22 - ინსაფის ოჯახი სასამართლო დარბაზში შედის. ინსაფი,
სინდისის კიდევ 7 პატიმარი და მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი, უკვე
სხდომათა დარბაზშია.
ინსაფი განსასჯელთა სკამიდან ელაპარაკება შვილებს, მეუღლეს და მამას.
ბავშვებს შორიდან ეთამაშება და გაწვდილი ხელებით მათ ჩახუტებას
ცდილობს, მაგრამ მანდატურები შეხების უფლებას არ აძლევენ.
ინსაფმა ბავშვების ნახვა 10 წუთის განმავლობაში შეძლო, რის შემდეგაც
ალი და ამელია სასამრთლო სხდომის დარბაიზდან გაიყვანეს.
ინსაფ ალიევის ოჯახი სასამართლო სხდომების მიმდინარეობის პროცესში
თავს იკავებს საჯარო განცხადებების გაკეთებისაგან. ინსაფის მეუღლემ და
მამამ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
დაიწყეო სხდომა, სადაც 8 სინდისის პატიმარის საქმის მთავარი
გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი გამოიკითხა.
გამომძიებელს, არსენ ხუნაშვილს კითხვები დაუსვა ინსაფ ალიევის
ადვოკარმაც, აიჰან ჰასანლიმაც. ჰასანლის აინტერესებდა, თუ უთითებს
რომელიმე დაზარალებული, რომ დაზიანება ინსაფ ალიევმა მიაყენა.
გამომძიებლის თქმით, მოწმეები არ გამორიცხავენ, რომ ნებისმიერ
ბრალდებულს მიეყნებეინა მათთვის დაზიანება.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ინსაფ ალიევმა მოუსმინა ერთ-ერთი
დაკავებულისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულის, ზვიად
ცეცხლაძის მიმართვას, რის შემდეგაც ჯგუფურ ძალადობაში ჩაერთო.
ჰასანლიმ მთავარ გამომძიებელს ასევე დაუსვა კითხვა, როგორ გაიგებდა
ადამიანი ზივად ცეცხლაძის ვიდეოს შინაარს, თუ მან ქართული არ იცის.
გამომძიებელმა ადვოკატს უპასუხა, რომ თუ ენა არ იცის, ვერ გაიგებდა,
მაგრამ შეიძლება ვინმემ გადაუთარგმნა.
ვიდეოს, რომელზეც ჰასანლიმ გამომძიებელს კითხვა დაუსვა, სასამართლო
სხდომაზე გამომძიებელმა უყურა და შემდგომ გასცა დაცვისა და ბრალდების
მხარეების კითხვებს პასუხი. პროკურატურამ, თავდაპირველად,
მტკიცებულებად წარადგინა უხმო ვიდეო და ამტკიცებდა, რომ ამ ვიდეოთი
ზვიად ცეცხლაძე სხვა ბრალდებულებს ძალადობისაკენ მოუწოდებდა.
უხმო ვიდეო გამომძიებელმა და პროკურატურამ წარუდგინეს სასამართლოს,
ხოლო 4 აგვისტოს გამართულ სხდომაზე გამომძიებელმა სასამართლოში უკვე
ხმიანი ვიდეო მიიტანა, საკუთარ კომპიუტერში, ყურსასმენებით მოუსმინა
და შემდგომ გასცა კითხვებს პასუხი.
რვა პირის საქმეში სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფრვია
კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის
ორგანიზებას, ხოლო 5 პირს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, თორნიკე
გოშაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს და ინსაფ
ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
რადიო “მარნეულთან” საუბრისას ადვოკატმა, აიჰან ჰასანლიმ განაცხადა,
რომ ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ინსაფ
ალიევის მიერ ძალადობის, მითუმეტეს ჯგუფური ძალადობის ფაქტი.
“ინსაფი სარგებლობს როგორც სავალდებულო დაცვის უფლებით,
ამავდროულად ის სარგებლობს თარჯიმნის უფლებით, იქედან გამომდინარე,
რომ იგი არ ფლობს სამართალწარმოების ენას. შესაბამისად, რაიმე სახის
კომუნიკაცია ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო. ზოგადად, ინსაფი არ იცნობდა
სხვა ბრალდებულებს და რაიმე სახის კავშირი მათ შორის არ არსებობდა და
იმ ვიდეო მტკიცებულებებითაც, რომელიც ბრალდების მხარის მთავარ
მტკიცებულებად ითვლება, არ ფიქსირდება რაიმე სახის, თუნდაც მცირე
მინიშნებაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ინსაფ ალიევი ვინმესთან
რაიმე კომუნიკაციაში შედის ან ვინმესთან თუნდაც საუბრობს.
შესაბამისად, ამ მოცემულობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ
სახელმწიფო ენას არც კი ფლობს, გამორიცხული იყო ვინმესთან
კომუნიკაციაში შესულიყო და რომც ფლობდეს ენას, ვერ შევიდოდა
კომუნიკაციაში, რადგან არ იცნობდა ამ ადამიანებს”. -
გვითხრა აიჰან ჰასანლიმ
4 აგვისტოს 8 სინდისის პატიმარის საქმეზე ბრალდების მხარემ
მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ახლა დაცვის მხარე გამოკითხავს
მათ მოწმეებსა და გამოიკვლევს მტკიცებულებებს.
4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ინსაფისათვის
მხარდაჭერის გამოსაცხადებლად შეიკრიბნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი
აქტივისტებიც.
აქტივისტების განმარტებით, ვინაიდან ინსაფი რეგიონიდანაა, არ იცის
ქართული ენა და მისი ოჯახიც არ ფლობს ქართულს, მისი, როგორც სინდისის
პატიმრარის ხმა არ ისმის. ამბობენ, რომ სასამართლოსთან ისნაფისათვის
მხარდაჭერის გამოსაცხადებლად და მისი ხმის ფართო აუდიტორიისათვის
გასაგონად მივიდნენ.
აქტივისტები თვლიან, რომ ინსაფი უკანონოდაა დაკავებული და მისი
დაკავება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების დაშინებას ისახავდა
მიზნად. ინსაფის ადვოკატიც, აიჰან ჰასანლიც თვლის, რომ მისი დაცვის
ქვეშ მყოფის დაკავების მიზეზი პროტესტის ჩახშობა და აქციის
მონაწილეების დაშინება იყო.
“28 ნოემბერს, ე.წ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების
შემდგომ, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, ინსაფ ალიევიც
გამვიდა აქციაზე და იღებდა მონაწილეობას. ინსაფი გამოხატავდა თავის
პროტესტს ქვეყანაში განვითარებულ არაკონსტიტუციურ მოვლენებთან
დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მის მიართ დაიწყეს
სისხლისსამართლებრივი დევნა”. - აცხადებს აიჰან
ჰასანლი
ინსაფ ალიევის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ზვიად
ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ
ჯავახიშვილის და თორნიკე გოშაძის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ
საქმედ აფასებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს, რომ ინსაფ ალიევის
ბრალდება, შესაძლოა, ეროვნული უმცირესობებისათვის გაგზავნილი სიგნალი
იყოს.
“ბრალდებულების პროფილები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ,
რომ თუ ყველასი არა, ბევრი მათგანის დაკავება და მათთვის ბრალის
წარდგენა საზოგადოების დაშინების და კონკრეტულ ჯგუფებში პროტესტის
გაჩერების მიზნებს ემსახურება. მაგალითად, ამ პირების დაკავებმადე
საპროტესტო აქციების დროს განსაკუთრებით სტუდენტური ჯგუფები
აქტიურობდნენ, რაც საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა და პროტესტების
მიმართ სოლიდარობის გრძნობას აღძრავდა. „ლელოს“ წევრების - კასრაძის
და კაძელაშვილის დაკავება იყო პოლიტიკური პარტიებისთვის გაგზავნილი
მესიჯი. ინსაფ ალიევის ბრალდება, შესაძლოა, ეროვნული
უმცირესობებისთვის გაგზავნილი სიგნალი იყოს”. -
აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, საქმე
პოლიტიკურად მოტივირებულია და არ არსებობს ადეკვატური მტკიცებულებები,
ვინაიდან: • ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები
ინსაფ ალიევის “ჯგუფურ ძალადობაში” მონაწილეობის დასადასტურებლად;
• არ არსებობს ვიდეომასალა ან აშკარა მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს
მის ძალადობრივ ქმედებებს;
• გამოყენებულია მუხლი (225-ე), რომელსაც ხშირად იყენებს ხელისუფლება
პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად;
• სისხლის სამართლის დევნა ემსახურება საზოგადოებრივ აქტივისტებზე
ზეწოლას.
ინსაფის და კიდევ 7 სინდისის პატიმარის საქმეს აკვირდება და
პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები,
როგორიცაა FIDH (International Federation for Human Rights), OMCT
(World Organisation Against Torture), Human Rights House Foundation
(HRHF) და სხვა.
ინსაფი უკვე 8 თვეა რაც წინასწარ პატიმრობაშია. ადვოკატი, აიჰან
ჰასანლი ფიქრობს, რომ მოსამართლეს პროცესის დასრულება და განაჩენის
გამოტანა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სურს, რათა სინდისის
პატიმრებმა საპატიმრო არ დატოვონ და სასამართლო სხდომაზე გარედან არ
იარონ - საქართველოს კანონმდებლობით, წინასწარი პატიმრობის
მაქსიმალური ვადა 9 თვეა.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ათეულობით ადამიანი დააკავეს აქციებში
მონაწილეობისა და “ქართული ოცნების” მიერ დასავლურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტებისათვის. ბრალდების მხარემ
მოწმეების გამოკითხვა დაასრულა 11 სინდისის პატიმრის საქმეზეც, რომელი
საქმეც ინსაფ ალიევისა და კიდევ 7 სინდისის პატიმრის საქმის
ანალოგიურია.
საქართველოში დღეისათვის 50-ზე მეტი სინდისის პატიმარია.
ჟურნალისტს და მედიამენეჯერს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის”
დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა
მიუსაჯეს.