“ქართული ოცნების” მიერ მარნეულის მერობის კანდიდატად დასახელებულია
ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი დაურ ისმაილოვი.
მისი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა „ქართული ოცნების“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ისმაილოვი „გამოცდილ
საჯარო მოხელად“ მოიხსენია.
პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენა
ისმაილოვი მარნეულის მერიაში მუშაობს, თუმცა მისი სახელი პოლიტიკურ
კონტექსტში პირველად 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ გაჟღერდა. „ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, ისმაილოვს და
მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს ე.წ. „კაპიტნის“ როლი ეკავათ — ისინი
აკონტროლებდნენ ჯგუფებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩართული იყვნენ
არჩევნების გაყალბების სქემაში.
ოჯახური და ბიზნესკავშირები
ისმაილოვის ოჯახი ადგილობრივებისთვის კარგად ცნობილია. ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულზე მათ სახლს სტუმრობდნენ თბილისიდან ჩამოსული
მაღალი თანამდებობის პირებიც.
მერობის კანდიდატის ფეისბუქ-გვერდის ქოვერზე გამოქვეყნებული იყო ფოტო,
სადაც ის, მისი ოჯახის წევრები, “ქართული ოცნების” პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი
ისმაილოვების ეზოში არიან. ფოტო წაიშალა მას შემდეგ, რაც გავრცელდა
ინფორმაცია, რომ ისმაილოვი მერობის კანდიდატი იქნებოდა.
მისი მამა, ინტიგამ ისმაილოვი, წლების განმავლობაში დაკავშირებულია
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ასოცირებულ
კომპანიებთან.
შპს „ქცია 94“-ში ინტიგამ ისმაილოვი დირექტორად ფიქსირდება 2010
წლიდან. კომპანიის 66,99%-ს ფლობს ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე, ნათია
სხისთანი. მფლობელობა დასტუტდება ჯაფარიძის 2024 წლის ქონებრივ
დეკლარაციაშიც.

შპს „ქცია 95“-ის
ერთპიროვნული მფლობელია ინტიგამ ისმაილოვი. კომპანია
2021 წელს დარეგისტრირდა.
დაურ ისმაილოვის მამა, ინტიგამ ისმაილოვი, ასევე არის 1998 წელს
დაარსებული კომპანის შპს “იმპერიალის” დირექტორი. კომპანიის
მფლობელები არიან: ოთარ ჩართოლანი (83%) და რიზვან კარაევი (17%).
ოთარ ჩართოლანი ასევე დაკავშირებულია დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის
კომპანიასთან შპს “სეტი”-სთან.

აღსანიშნავია, რომ ინტიგამ ისმაილოვი წლების წინ „ქართულ ოცნებას“
ფინანსურადაც უჭერდა მხარს — მისი შემოწირულობების ჯამი 68 000 ლარს
შეადგენს.
დაურ ისმაილოვის კომპანიები
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ისმაილოვს რამდენიმე კომპანია აქვს.
ერთ-ერთი მათგანია შპს „დარიუს ჯმ“, სადაც 2018 წლიდან პარტნიორები
გახდნენ:
მირზა დარგალი – პარლამენტის დეპუტატის ზაურ დარგალის ძმა; ჯემალ
მამედოვი – მარნეულის მერის კენან ომაროვის მხარდამჭერი და
თვითმმართველობაში დასაქმებული პირი და ადილ ალიევი – მარნეულის
საკრებულოს მოქმედი წევრი (2022 წლის მონაცემებით, მეწილეთა სიაში
აღარ ფიქსირდება).

რადიო "მარნეული"