მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის განცხადებით,
მამუკა გიგანის მიმართ,
რომელმაც 19 სექტემბერს ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში არასრულწლოვანზე
იძალადა, დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყება.
მამუკა გიგანი მარნეულის საკრბეულოს აპარატის თანამშრომელი და
მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილია.
დღეს, 22 სექტემბერს, გიგანის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ
რადიო “მარნეულთან” კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ,
ამირან გიორგაძემ. მისი თქმით, გმობს ძალადობას, შემთხვევას
არასასურველ და
ცუდ ფაქტად აფასებს და ამბობს, რომ გიგანს
მიზანმიმართულად არ უძალადია, ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და მან
შეცდომა დაუშვა.
“არასასურველია, ცუდი ფაქტია, მაგრამ მინდა ვთხოვო
ყველას, რომ ეს არ იყო მიზანმიმართულად. ეს იყო გადაცდომა. ადამიანი
იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ამისათვის, რომ მან შეცდომა
დაუშვა ის პასუხიმგებლობაშია მიცემული. როდესაც გამოფხიზლდა,
გაანალიზა, თვითონ ჩაბარდა პოლიციას, როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს
გამოძიება. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში სამართალდამცველები
იმოქმედებენ კანონის მიხედვით”. - აცხადებს ამირან
გიორგაძე
მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ასეთი ფაქტები ცუდია,
მაგრამ მისი პოლიტიზება არ უნდა მოხდეს. გიორგაძე თხოვნით მიმართავს
საზოგადოებას, რომ ზედმეტი განცხადებებისაგან და ამდაგვარი
ინციდენტებისაგან თავი შეიკავონ.
“მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ესეთი ფაქტები ცუდია რომ
ხდება, პოლიტიზირება არ უნდა მივცეთ ამ საკითხებს. პირიქით, მე მინდა
ვთხოვო ყველას, რომ რითაც ჩვენ ვამაყობთ, რომ მარნეული არის
მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტი, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ
ერთმანეთის კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს, ერთმანეთს. ეს არის
ჩვენთვის ერთი დიდი ოჯახი სადაც პატივისცემით და სიყვარულით უნდა
ვიცხოვროთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ ზედმეტი განცხადებისაგან თავი
შევიკავოთ და ასევე, ყველას ვთხოვ რომ ესეთი ინციდენტებისაგან თავი
უნდა შევიკავოთ”. - თქვა ამირან გიორგაძემ
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ
მამუკა გიგანს ბრალი დაუდასტურდება, ის მიიღებს გადაწყვეტილებას და
გიგანს სამსახურიდან დაითხოვს. აცხადებს, რომ საკრებულოში ასევე
დაიწყება დისციპლინარული მოკვლევა.
“თუ ბრალი დადასტურდება, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ
სამსახურიდან იყოს დათხოვნილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალადობას ვგმობთ.
კანონის წინაშე ყველანი არიან თანასწორები. იმ შემთხვევაში, თუ არ
დადასტურდება დანაშაული, ჩვენ მაინც დავიწყებთ დისციპლინალურ
მოკვლევას სამსახურში”. - თქვა ამირან გიორგაძემ
მ
ედიაში
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 19 სექტემბერს, მარნეულის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა ერთ-ერთი საკონდიტროს
თანამშრიმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ენის არ ცოდნის
გამო.
გავრცელებულ ვიდეოში ისმის ხმაური, სადაც რიჩარდ გიგანის შვილი
ფიგურირებს და მოქალაქეს “გვერდზე გაყვანას” სთხოვს. ისმის ფრაზები
რუსულ ენაზე. "Успокойся брат" ( ძმაო დაწყნარდი).
უფლებადამცველის, სამირა ბაირამოვას თქმით, არასრულწლოვანზე ძალადობის
საქმეში ასევე ფიგურირებს მარნეულის მერიის თანამშრომელი და “ქართული
ოცნების” პროპორციული სიის წევრი თორნიკე მთვარელიძეც, რომელმაც
არასრულწლოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით
დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას არასრულწლოვნის მიმართ.
დღეს, 22 სექტემბერს,
გამოქვეყნდა პეტიცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაზარალებული
არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა
ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხელისუფლების მხირდან.
პეტიცია „ქართული ოცნებისაგან“ მოითხოვს, რიჩარდ გიგანი და თორნიკე
მთვარელიძე ამოიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
პროპორციული სიიდან და გაათავისუფლონ მარნეულის მუნიციპალიტეტში
თანამდებობებიდან. მარნეულის მუნიციპალიტეტისაგან მოითხოვს, რომ
მამუკა გიგანი გაათავისუფლონ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო
სამართალდამცავი ორგანოებისაგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს
მსხვერპლსა და მის ოჯახის წევრზე ზეწოლა.
რადიო „მარნეული“