აქტივისტი სამირა ბაირამოვა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ღია წერილით მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეს.
წერილი ეხება მარნეულში მომხდარ ძალადობის შემთხვევას, სადაც არასრულწლოვანი ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინციდენტში მონაწილეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილი მამუკა გიგანი, რომელიც ამავდროულად საკრებულოს აპარატის თანამშრომელია.

ბაირამოვა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი არა მხოლოდ ძალადობისა და კანონის დარღვევის მაგალითია, არამედ მარნეულის თვითმმართველობაში არსებული პრობლემების — ნეპოტიზმი და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა.
აქტივისტი საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა და თავიდან იქნას აცილებული ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების გაღრმავება.

წერილი აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი და გთავაზობთ მის თარგმანს ქართულ ენაზე:

"ბატონო ამირან,

თქვენი მოადგილე რიჩარდ გიგანის შვილის მიერ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება და ეთნიკურ ნიადაგზე გამოვლენილი ქცევა არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ პირდაპირი კანონდარღვევა და კრიმინალური ხასიათის ფაქტია. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს მისი პირველი შემთხვევა არ არის. მით უფრო მძიმეა ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი თქვენი თანამშრომელიც არის, რაც საზოგადოებაში სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. ყოველ ჯერზე, როდესაც მარნეულის ტერიტორიაზე ძალადობა ხდება, მერე ვიგებთ, რომ ამაში ჩართული პირი მუნიციპალიტეტში მუშაობს.

სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტი საზოგადოებაში სულ უფრო მეტად ოჯახური ინტერესების მომსახურე სტრუქტურის შთაბეჭდილებას ტოვებს. განათლების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების არმქონე ადამიანების მნიშვნელოვან თანამდებობებზე ყოფნა ეწინააღმდეგება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს. საზოგადოებასაც სრულად აქვს უფლება იკითხოს: რა საფუძველზე არიან ასეთი ადამიანები ამ პოზიციებზე და რა სარგებელს ელოდება მათგან საზოგადოება?

თქვენი განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით

— რომ „ვგმობ ძალადობას, მომხდარს არასასურველ და ცუდ მოვლენად ვაფასებ და მიმაჩნია, რომ გიგანიმ ძალადობა განზრახ არ ჩაიდინა, ის მთვრალი იყო და შეცდომა დაუშვა“ — ვერ არის ადეკვატური და სამართლიანი. ეს პირდაპირ სხვა მოძალადე პირების დანაშაულისკენ წახალისებაა. მათაც შეუძლიათ დალიონ, ზიანი მიაყენონ სხვას, და მაშინ ვერც თქვენ და ვერც პოლიცია ასეთ შემთხვევებს ვერ აღკვეთთ. ამ დანაშაულის მიჩქმალვის მცდელობა თავისთავადაც კანონდარღვევაა, მისი დაფარვა კი საზოგადოებრივ ნდობას კიდევ უფრო აზიანებს.

გახსოვდეთ, რომ მარნეულის ხალხი წლების განმავლობაში გიჩენდათ ნდობას, აზერბაიჯანული თემიც — აზერბაიჯანელ მერებზე მეტად — განსაკუთრებულ პატივს გცემდათ. ამ ნდობის დაკარგვა არა მხოლოდ თქვენს პირად ავტორიტეტს, არამედ მთლიანად რეგიონის საზოგადოებრივ სტაბილურობას მიაყენებს დარტყმას. ადამიანი ნაჭამ ლუკმას არ უნდა აფურთხებდეს.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ მარნეული ხშირად არ კანონის, არამედ ბრძანებისა და ზეწოლის მიხედვით იმართება. თუ თქვენც ამ ზეწოლას აჰყვებით და შეეცდებით შემთხვევის გათეთრებას, შედეგები მძიმე იქნება: ეთნოთაშორის ურთიერთობებში დაძაბულობა გაიზრდება, სამშობლოსთან ერთგულება დასუსტდება და სახელმწიფოსადმი ნდობა სერიოზულად შეირყევა.

ჩვენ ველით, რომ ამ საკითხში პრინციპულ და მკაცრ პოზიციას დაიკავებთ. ეს აუცილებელია არა მხოლოდ თქვენი პირადი ავტორიტეტისათვის, არამედ სახელმწიფოსა და სამოქალაქო თანხმობისათვის. მამუკა გიგანთან ერთად ბიუჯეტიდან უნდა იყოს გათავისუფლებული ტორნიკე მთვარელიძეც. რა სახით უნდა ემსახუროს ამ ხალხს ის, ვინც არასრულწლოვანს „საკუთარ ქვეყანაში წადი“ უთხრა?! სახალხო დამცველმა არაერთხელ მიუთითა ანგარიშებში, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან უხეში დამოკიდებულების გამო თვითმმართველობებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები წარმოედგინა.

არ უნდა დაგვავიწყდეს: თანამდებობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა სავარძლით არ იზომება — ის სინდისს, სამართლიანობასა და სიმამაცეს მოითხოვს. " - წერს აქტივისტი


22 სექტემბერს, რადიო "მარნეულთან" საუბარში, მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის განცხადებით, მამუკა გიგანის მიმართ, რომელმაც 19 სექტემბერს ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში არასრულწლოვანზე იძალადა, დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყება.
მამუკა გიგანი მარნეულის საკრბეულოს აპარატის თანამშრომელი და მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილია. მამუკა გიგანის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ რადიო “მარნეულთან” კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ. მისი თქმით, გმობს ძალადობას, შემთხვევას არასასურველ და ცუდ ფაქტად აფასებს და ამბობს, რომ გიგანს მიზანმიმართულად არ უძალადია, ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და მან შეცდომა დაუშვა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები