მარნეულის მერის მოადგილის მამის, პაატა შუბითიძის კომპანიებმა მარნეულის მერიისაგან 49 მილიონი ლარის ტენდერი მიიღო - TI
მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის მამის, პაატა შუბითიძის, კომპანიებმა შპს „ქცია“ და შსპ „ნომერი-ერთი“ მარნეულის მუნიცპალიტეტში 49 000 000 ლარის ტენდერები მოიგეს მას შემდეგ, რაც მერის მოადგილე თემურ შუბითიძე გახდა. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს და წერს, რომ პაატა შუბითიძეს „ქართული ოცნებისათვის“ 50 000 ლარი აქვს შეწირული.

„მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის მამამ, პაატა შუბითიძემ, „ქართულ ოცნებას“

50 000 შეწირა. მისი კომპანიები, შპს „ქცია“ და „შპს „ნომერი-ერთი“ 119 მილიონი ლარის ტენდერების გამარჯვებულები არიან, აქედან 49 მილიონი მარნეულის მუნიციპალიტეტში აქვთ მოგებული მას შემდეგ, რაც მერის მოადგილედ მისი შვილი დაინიშნა“.
- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, 2023-2024 წლებში შუბითიძეების კომპანიებმა „ქცია“ და „ტრაუმბერგმა“ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ორი ლიცენზია მიიღო ჯამური ფართობით 96,610 კვ.მ.

პაატა შუბითიძის კომპანია „ქცია“ მარნეულის მერიის ტენდერებში ჯერ კიდევ 2011 წლიდან იმარჯვებს. პირველი ტენდერი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 13 აპრილით თარიღდება. შპს „ქცია“-ს 50% წილის მფლობელია ვლადიმერ ტყეშელაშვილიც. მისი წილის მმართველი ქეთევან ტყეშელაშვილია. კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოშია რეგისტრირებული.

ამ ეტაპზე შპს „ქციას“ ორი დირექტორი, ქეთევან ტყეშელაშვილი და თეიმურაზ გოგრიჭიანი, ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულმა“ 2023 წლის 8 მაისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიამ ბოლო 17 თვეში მერიისგან 15 985 260 ლარის ტენდერი მიიღო“. სტატიაში საუბარი იყო შპს „ქციას“ მიერ 2022 წლიდან, თემურ შუბითიძის მარნეულის მერის მოადგილედ გახდომიდან, 2023 წლის მაისამდე პერიოდში მოგებულ ტენდერებზე. აღნიშნულ სტატიას 2023 წლის 24 მაისს, საკრებულოს სხდომაზე, გამოეხმაურა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და განაცხადა, „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული და კანონი რომ გვაძლევდეს ამის უფლებას დიდი ტენდერები რაც ტარდება პირდაპირი წესით მივცემდი შპს „ქციას“. გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „ქცია“ მარნეულში ყველაზე კარგად ასრულებს გზების დაგების სამუშაოებს და კომპანიას დასაქმებული ჰყავს ადგილობრივები, აქვს საკუთარი ქარხანა, კარიერი და პრობლემების გარეშე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

რადიო „მარნეული"

ამავე თემაზე: 
მარნეულის მერის მოადგილის მამის მფლობელობაში უკვე მეორე კომპანია გზის დაგების ტენდერებში იმარჯვებს
წერეთელში გზის რეაბილიტაცია 4 400 000 ლარი დაჯდება - ტენდერში მერის მოადგილის მამის კომპანიამ გაიმარჯვა
მერის მოადგილის მამის კომპანიამ, 4 512 316 ლარად, შესაძლოა თამარისის გზაც დააგოს


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები