მოსკოვში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მილიარდერი იბრაგიმ სულეიმანოვი
გამომცემლობა „მედუზა“ სხვადასხვა მედიასა და ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მილიარდერი იბრაგიმ სულეიმანოვი.

ТАСС-ის ინფორმაციით, სულეიმანოვის დაკავება მოხდა სამართალდამცავთა მიერ. მას ბრალი წაყენებული აქვს წლების წინ მომხდარ მკვლელობაში. საქმეს იძიებს საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატი.

ტელეგრამ-არხები „112“, Mash და Shot ასევე ადასტურებენ ინფორმაციას დაკავების შესახებ. Shot-ის ცნობით, საუბარია 2004 წელს ჩადენილ მკვლელობაზე. Baza-ს მონაცემებით,

ეს არის ფედერალური ფინანსური აღდგენის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ტალის მკვლელობა. გარდა ამისა, სულეიმანოვს ამოწმებენ 1999 წელს „ვნუკოვსკი ავიახაზების“ პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი ბორისოვის მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობაზეც.


ТАСС ასევე წერს, რომ იბრაგიმ სულეიმანოვი და მისი ძმა რასული 2024 წელს იყვნენ მსხვილი IT-კომპანია „სირენა-ტრეველის“ ბენეფიციარები. „სირენა-ტრეველი“ ავიაციის სფეროსთვის ყველაზე დიდი IT გადაწყვეტილებების მომწოდებელია. მისი მთავარი პროდუქტია სისტემა „Leonardo“, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების განრიგისა და ავიაბილეთების გაყიდვების მართვას. სწორედ „სირენა-ტრეველის“ სერვისებით ხორციელდება რუსეთის ავიაბილეთების 80%-ის გაყიდვა. 2 ოქტომბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ ონლაინ-ტურისტულმა სააგენტოებმა „სირენა-ტრეველის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში.

იბრაგიმ სულეიმანოვი პარტნიორობდა მილიარდერ და ფედერაციის საბჭოს წევრ სულეიმან კერიმოვთან „როსავიაკონსორციუმში“ — „ვნუკოვსკი ავიახაზებისა“ და სატრანსპორტო-კლირინგის პალატის აქციონერში. ასევე ის იყო რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგის თავმჯდომარის მოადგილე. 2007 წელს სულეიმანოვი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით თითქმის 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიესაჯა.

სულეიმანოვი პლატონ ლებედევის სიძეა — „მენატეპის“ ყოფილი ხელმძღვანელისა და მიხეილ ხოდორკოვსკის ბიზნესპარტნიორის.
Print ელ. ფოსტა
თეგები: მოსკოვი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები