„ლელო - ძლიერი საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის
ხელმძღვანელის, აგილ მუსტაფაევის თქმით,
„ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად, ხელოვნურად, გაზარდა საარჩევნო
უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა, რათა ოპოზიციურ პარტიებს
საკრებულოში ერთი ადამიანის შეყვანის შესაძლებლობაც არ ჰქონოდათ.
მუსტაფაევის თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები მთელ საქართველოში გაყალბდა,
განსაკუთრებით კი მარნეულის მუნიციპალიტეტი გამოირჩეოდა.
„ყველამ დაინახა, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებით
ჩატარებული თავიდან ბოლომდე. თან, ჩვენს რეგიონში უფრო მეტი იყო
გაყალბების ფაქტი და არსებობს მტკიცებულებები ამ თემაზე. რა თქმა
უნდა, მაქსიმალურად გაბერეს უბნები. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ
უფრო მეტს გააყალბებდა. თითქმის 50 000 ამომრჩეველი არ მახსოვს ბოლოს
მარნეულში როდის იყო არჩევნებზე მისული. საერთოდ, ძალიან დიდი
ციფრებია. მთელმა მარნეულმა და მთელმა საქართველომ ნახა ეს. ერთ
უბანზე 1 728 ხმის აღების ნული შანსია“. - განაცხადა
აგილ მუსტაფაევმა
მუსტაფაევის თქმით, ჯერ ზუსტად არ იციან თუ რამდენი მანდატი მოიპოვა
„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ მარნეულის საკრებულოში.
„ზუსტად არ ვიცი ცესკოს შედეგებით რა იქნება, მაგრამ
როგორც დავთვალეთ, ერთი ადამიანის შეყვანაზეა საუბარი. საერთოდ
აპირებდნენ, რომ არ შეეშვათ ერთი ადამიანიც კი ოპოზიციიდან
საკრებულოში, ეს გეგმა ჰქონდა „ქართულ ოცნებას. მე, პირველ რიგში,
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ 4 000-მდე ამომრჩეველს, რომლებმაც
მიუხედავად ზეწოლისა, შანტაჟისა, მუქარისა მაინც მივიდნენ არჩევნებზე
და ხმა მისცეს ოპოზიციურ პარტიას“. - გვითხრა აგილ
მუსტაფაევმა
აგილ მუსტაფაევი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პროპორციული სიის
პირველი ნომერია. კითხვაზე, აპირებს თუ არა საკრებულოში შესვლას, იმ
შემთხვავაში თუ „ლელოს“ პროპორციული სიით ერთი ადამიანის შეყვანა
მაინც შეეძლება გვპასუხობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ამას ახლა ვერ გეტყვით. ყველაზე მთავარი ჩემთვის არის
გუნდის გადაწყვეტილება, ვინც მუშაობდა თვეების განმავლობაში და მეორე,
რა თქმა უნდა, იმ ამომრჩეველის გადაწყვეტილება, რომელმაც მოგვცა ხმა.
ამ ადამიანების გადაწყეტილების შემდეგ მე თავადაც მივიღებ
გადაწყვეტილებას“. - ამბობს მუსტაფაევი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, პარტია
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 43 425 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში
მონაწილე პირების 90.268%-ია. „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ მარნეულში
3 293 ხმა მოიპივა, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების
6.845%-ია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს
ჩატარდა.
საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან განსხვავებული იყო, რადგან
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტის ნიშნად მასში მოანწილეობა
არ მიიღო. აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებს და არ ენდობიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნულ
საარჩევნო კომისიას.
საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ორგანიზაციების უმეტესობა
არჩევნებს არ აკვირდებოდა.