მარნეულში დაბინძურებული „გარა არხი“ (შავი არხი) გაწმინდეს.

დანაგვიანებული არხის ვიდეო რადიო „მარნეულმა“ 16 ოქტომბერს
გამოაქვეყნა,
რის შემდეგაც ტერიტორია მეორე დღეს გაიწმინდა.საქართველოს მელიორაციის
მარნეულის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, თორნიკე გოგლიძე, აცხადებს,
რომ დაბინძურება მოსახლეობის არასწორი ქცევის შედეგია, რის გამოც
არხის გაწმენდა ხშირად ხდება საჭირო, თუმცა ამის გაკეთება
ყოველდღიურად შეუძლებელია. მისი თქმით, არხი ამჯერად მერიის
დახმარებით გაიწმინდა.
„ისევდაისევ მივდივართ მოსახლეობის თვითშეგნებამდე იქიდან
გამომდინარე, რომ ნახავდით არხი რა დღეში იყო. ეს ბუნებრივად
გამოწვეული ხომ არ არის, ხელოვნურად ჩაყრილი ნაგავი იყო. გამოდის, რომ
ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იდგეს გამწმენდი ტექნიკა იქ, არხთან, რისი
საშუალება და რესურსიც არ არის. აქედან გამომდინარე სულ მოვუწოდებთ
მოსახლობას თავი შეიკავონ, არის ურნები სადაც შეიძება ჩაყარონ,
პირდაპირ არხის პირას დგას, მაგრამ მაინც არცში ყრიან და ეს ასეთ
სტუაციებს იწვევს. ჩვენ გვიწევს წმენდითი სამუშაოების ჩატარება
რეგულარულად, თუმცა მერიის ჩართულობა უნდა აღინიშნოს, ისინი
გვეხმარებიან ხშირად და თავის თავზე იღებენ გაწმენდით სამუშაოებს, რაც
ამ შემთხვევაშიც მოხდა.“ - თქვა თორნიკე გოგლიძემ
თორნიკე გოგლიძე ფიქრობს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა
შესაძლოა საჯარიმო სანქციების დაწესება იყოს, რაც მოსახლეობას უფრო
პასუხისმგებლიანს გახდის, თუმცა მისი თქმით, ჯარიმების დაწესება
მელიორაციის კომპეტენციაში არ შედის და ამ პროცესში სხვა უწყებები
უნდა ჩაერთონ. იმავეს ფიქრობს “სუფთა მარნეულის” ხელმძღვანელი, ლერი
მუმლაძე. მისმა სამსახურის 10 კაციანმა ჯგუფმა დაახოებით 800 მეტრიანი
დაბინძურებული ტერიტორია, 17 ოქტომბერს გამთენიისას დაასუფთავა, თუმცა
ვითარება გაწმენდიდან მალევე უარესდება. მუმლაძე ამბობს, რომ აპირებს
მარნეულის ზედამხედველობასთან დალაპარაკებას პრობლემის
გადასაჭრელად.
„10 კაცი იყო გაწმენდაში ჩართული, ჩვენი გასაწმენდი არ არის
ეგ მაგრამ, რაიონიდან ცუდად ჩანს და ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ
დასუფთავება. ამ თვეში უკვე მეორედ მოხდა. ეგ ნარჩენები ვფიქრობ მოდის
ქორწინების დარბაზებიდან რაც ახლოშია. კონტროლი უნდა ამ ყველაფერს. მე
ზედამხედველობასაც მოვახსენებ, მივიდნენ გაფრთხილებები დაუწერონ.
ჯარიმები უნდა იყოს გამოსავალი ალბათ, რას ფიქრობს ეს ხალხი არ ვიცი.
1700 ურნა დგას მარნეულის მუნიციპალიტეტში. თუ ადამიანს სისუფავე უნდა
რა ვიცი.. ახლოში თუ არ დგას ურნა გაიაროს 100-150 მეტრი და
ჩააგდოს.“ - ამბობს ლერი მუმლაძე.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ —
ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარჩენების არასწორად განთავსებაზე
(ანუ გარემოში, მათ შორის არხებში, გზის პირას ან მდინარეში
გადაყრაზე).
ვის შეუძლია საჯარიმო სანქციების გატარება:
• მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური — აკონტროლებს
დასახლებული პუნქტების ტერიტორიებს და საჯარო ადგილებში ნაგვის
დაყრაზე რეაგირებს;
• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გარემოს დაცვის
სამინისტრო)
• პოლიციასაც შეუძლია დააფიქსიროს სამართალდარღვევა და ინფორმაცია
შესაბამის უწყებას გადასცეს.