ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი
თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატითან
ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები
განიხილა. შეხვედრა საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის სამმხრივი
ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მე-7-ედ ჩატარდა და მასში
400-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ
სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი,
ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს
ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორია და 2025 წელს პირველი იყო
უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ავიაციის
სფეროში თანამშრომლობას. 2025 წელს საჰაერო გზით გადაყვანილი
მგზავრების რაოდენობა 14 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ასევე აღინიშნა,
რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები
საჰაერო გზით კვლავ დაუკავშირდა ერთმანეთს.
მინისტრებმა ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ
კომპანია TAV Georgia-სთან თანამშრომლობაზეც. კომპანიამ 2027–2031
წლებში დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში 150
მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხელი შეუწყოს
მგზავრთნაკადის 10 მილიონამდე გაზრდას.
შეხვედრაზე განიხილეს მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული
პროექტები, რომლებიც გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და
ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ხაზი გაესვა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პროექტს, რომლის ამოქმედებაც უახლოეს
მომავალშია დაგეგმილი და რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
მინისტრებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა სახმელეთო და საზღვაო
ტრანსპორტის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის
სექტორს — 2025 წლის მონაცემებით თურქეთი მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს
შორის, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი
ეწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილეები გენადი არველაძე, თამარ იოსელიანი და ირაკლი
ნადარეიშვილი.