დღეს ნაშუადღევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დროებით დაეშვა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი,
- ის გერმანიიდან გამოფრინდა, მალე დატოვა აეროპორტი, თბილისიდან კი
სამხრეთის მიმართულებით დაიძრა.
მონაცემები თვითმფრინავების თვალყურის სადევნებელ საიტზე,
Flightradar24-ზეა ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით დაშვების მიზეზი/მიზანი
უცნობია.
ეს ამერიკული თვითმფრინავია Boeing C-17 Globemaster III.
ის არის აშშ-ის საჰაერო ძალების (USAF) კუთვნილი თვითმფრინავი,
რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის სამხედრო
ტექნიკის
გადაზიდვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა თუ ჰუმანიტარული
დახმარების მიწოდების მიზნით.
ჯერჯერობით უცნობია თბილისში მისი დროებით გაჩერების საფუძველი.
თბილისში ის ჩამოფრინდა ადგილობრივი დროით 15:30 საათისთვის -
გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ის სამხედრო ავიაბაზიდან.
თბილისი კი მალევე, 16:03 საათზე დატოვა.
Flightradar24-ზე არ არის მისი მიმართულება მითითებული - თუმცა ჩანს,
რომ მან უკვე გადაკვეთა სომხეთის საჰაერო სივრცე და თურქეთის
ტერიტორიაზე შევიდა, რის შემდეგაც Flightradar24-ის რადარიდან
გაქრა.
მედიის ცნობით, იგივე თვითმფინავი 27 მარტს იმყოფებოდა არაბთა
გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცეში.
ამერიკული თვითმფრინავები თბილისში
თბილისის აეროპორტში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დროებით
დასხდნენ ამერიკული თვითმფრინავები. მათ შორის 30 იანვარსა და 2
თებერვალს.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების თბილისში ჩამოსვლის შესახებ
პირველადი ცნობები ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა - მათი ფრენის
მარშრუტები ჩანს FlightRadar24-ზე.
„თვითმფრინავების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო
ოპერაციების ნორმალური ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება
პარტნიორებთან კოორდინაციით“ - გვითხრეს მაშინ აშშ-ის საელჩოში.
„ისინი არ არის დაკავშირებული რაიმე რეგიონულ დაძაბულობასთან“, -
განაცხადეს საელჩოში.
'
დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში
2026 წლის 28 მარტს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული დაპირისპირება
გრძელდება.
აშშ-მა და ისრაელმა იერიში მიიტანეს ირანზე; ირანის ისლამური
რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საჰაერო
თავდასხმისას მოკლეს.
პასუხად ირანის ძალებმა შეუტიეს ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში
ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ
ობიექტებს.
თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების
ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო
ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.
დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოაღწია: შეტევა
იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქო თეირანისგან ბოდიშს
მკაცრად ითხოვს.
ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული ქსელი გეგმავდა
თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც 10-მდე
ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს.