სუს-მა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად
დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს
კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი
დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2023-2026 წლებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი
მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის
ისნის,
ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს
შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა.
გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი შპს
„გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024, 2025, 2026
წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად
ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ,
პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან
მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს
კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების
თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი
თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო
სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და
კომპანიის ერთი თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა
და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების
გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც
შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო
სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით
- 26 513 573 ლარი.
შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი,
გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“,
შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს
„Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად,
ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში,
ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად
ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ,
პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან
მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს
კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო
განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა
და პრევენციის მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა
მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ
საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება
სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და კორუფციასთან ბრძოლას ექნება
მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი,“ - განაცხადა
გაგნიძემ.