„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ნიკა გვარამიამ, ზურა ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრეს.

ვინ რა თქვა?
  • ნიკა გვარამია: „შეუძლებელია გატარდეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესი იქ, სადაც რუსული ნება ხორციელდება იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ უნდა, შესაბამისად, ეს ბიძინა ივანიშვილსაც [პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი] არ უნდა, ის

    ამას ეწინააღმდეგება. ამ ვიზიტზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ამბავი ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს კარგად ესმით“.
  • ზურა ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ პირობებში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩემი აზრით, არის არარეალისტური... წლები გახარჯეს იმაზე, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექციათ და ამათ ინტერესში არ შედის ამერიკისა და საქართველოს დაახლოება. ვერც შემოვლენ ამერიკული კომპანიები ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“.
  • გიგა ლემონჯავა: „ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები დალაგდნენ, ივანიშვილის ტერმინით რომ ვისაუბროთ, რეჟიმთან ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე... იმედი გვაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხი გაძლიერდება, მაგრამ მთავარია ჩვენი გასაკეთებელი - ქართველი ხალხის ბრძოლა და ალიანსის სტრატეგია - ფართომასშტაბიანი პროტესტის ორგანიზება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და სანდო პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
ვინ ჩამოვიდა საქართველოში?
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები პიტერ ანდრეოლი და ჩარლზ იოქი საქართველოს 24 მაისს ეწვივნენ. ისინი უკვე შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ვის შეხვდნენ?
დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
შეხვედრები გაიმართა სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთანაც:

  • „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიასთან;
  • „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესთან;
  • პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძესთან.
გუშინ, 27 მაისს, საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა დიპლომატების სტუმრობის შესახებ. მათ საქართველოს 142-ე პატრიარქი შიო III რეზიდენციაში შეხვდა:

„საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს. მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისათვის“.

აშშ-ის საელჩოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს 29 მაისს დატოვებენ.

წყარო: radiotavisupleba.ge


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები