აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მთავრობის მიერ
სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას
გამოეხმაურა და მას „სერიოზული შეშფოთების საგანი“ უწოდა.
საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია
1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება
და ამ რთული ისტორიული საკითხის „მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო
საფუძვლის გარეშე პოლიტიკურ გადაწყვეტილებად დაყვანა“.
„ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს შერიგებასა და
ურთიერთგაგებას. პირიქით, ძირს უთხრის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა
და სტაბილურობის მიღწევის ძალისხმევას“, – აცხადებენ
სამინისტროში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მთავრობას
მოუწოდებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადახედოს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი „მტკიცედ რჩება
ისტორიული სიმართლის დაცვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების
პატივისცემისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის
ხელშეწყობის ერთგული“.