მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ეცდებიან, მთელ ქვეყანაში დააყენონ
სახის ამომცნობი კამერები დანაშაულის პრევენციის მიზნით“.
ასე უპასუხა მან „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, რუსუდან დუმბაძის კითხვას
algorithmwatch-ის გამოძიების შესახებ, რომლის თანახმადაც, შინაგან
საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან სახის ამომცნობ სპეციალურ სისტემას
მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან ყიდულობს, რომელიც „ეფესბესთან”
არის კავშირში.
„თქვენგან პირველად მესმის. რამდენად ახლოს არის
რეალობასთან, ამას ძალიან ახლო მომავალი გვაჩვენებს. ღრმა სიბერეს
გისურვებთ და ჯანმრთელობას, ძალიან დიდი ხნის სიცოცხლეს და გისურვებთ,
რომ სიბერეში ეფესბე გითვალთვალებთ და რაღაცებს აკეთებს, ეს შიშები არ
დაგეუფლოთ.
ღრმა სიბერეში გისურვებთ, არ დაგესიზმროთ ყოველ ღამე ეფესბე, რომ
გითვალთვალებთ ვიღაცა, სახეზე გცნობთ ამომცნობი კამერებით, ეს
სიგიჟეები არ დაგესიზმოროთ. შემდეგ ბრიფინგზე რაც მეცოდინება,
ყველაფერს გეტყვი.
სახის ამომცნობი კამერებს დანაშაულის პრევენციის მიზნით რუსთაველზე კი
არა, მთელ ქვეყანაში ვეცდებით, რომ დავაყენოთ წლების
განმავლობაში“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
27 ივნისს algorithmwatch-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის
თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან
სახის ამომცნობ სპეციალურ სისტემას – Polyface მოსკოვში დაფუძნებული
კომპანია Papillon AO-სგან ყიდულობს, რომელიც კავშირშია უსაფრთხოების
ფედერალურ სამსახურთან (FSB).
კომპანია სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და ამერიკის
შეერთებული შტატების მიერ. კომპანიის პროდუქტების ძირითადი ნაწილს კი
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და რუსეთის მოკავშირე
სახელმწიფოები – ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ბელარუსი
იყენებენ.