„ვითარება ადგილობრივი მეხორბლეებისთვის ხელსაყრელი არაა“, - ამის
შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“„საქართველოს ხორბლისა
და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან
სილაგავამ შავ ზღვაში ხორბლის ექსპორტის შეფერხებებზე საუბრისას
განაცხადა.
შეგახსენებთ, აზოვის ზღვის პორტებში ლოჯისტიკური შეფერხებების გამო,
რუსეთში მარცვლეულის ფასების ვარდნა გრძელდება. ბოლო ერთი კვირის
განმავლობაში, ხორბლის ღირებულება 1.3-2.8%-ით, ხოლო ქერის - 6.5%-ით
შემცირდა. წლიურ ჭრილში კი ვარდნამ 8.6%-იდან 12.6%-მდე შეადგინა.
ბაზარზე
ახალი მოსავლის შემოსვლისა და აზოვის ზღვაში შეზღუდული
გადაზიდვების ფონზე, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი მკვეთრად
შეფერხებულია. შექმნილი ჭარბი მიწოდების გამო, ადგილობრივი ფერმერები
იძულებული არიან, პროდუქცია დაბალ ფასად გაყიდონ, რაც პირდაპირ
აისახება როგორც მსოფლიო, ისე მეზობელ, სახმელეთო ბაზრებზეც.
„ბიზნესპრესნიუსთან“ ლევან სილაგავამ განმარტა, რომ შექმნილი
გარემოება საქართველოში ხორბლის გაიაფებას იწვევს.
მისი თქმით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყნისთვის მარცვლეულის
მიწოდება არა საზღვაო, არამედ სახმელეთო დერეფნით ხორციელდება.
„საქართველოსთვის ხორბალი იაფდება. ამის ლოგიკა ის არის,
რომ ზღვით მიწოდება თითქმის გაჩერებულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ
რუსეთს და უკრაინას მსოფლიო ბაზარზე ხორბლის 20%-ზე მეტი სწორედ
საზღვაო გზით გააქვთ, მათთვის, ვისაც პროდუქცია ზღვით მიეწოდება,
ხორბალი გაძვირდა.
ის, რომ ამ რაოდენობის ხორბალი ვერ გავიდა და გარკვეული მოცულობა
კვლავ ვერ გავა პორტების შეჩერების გამო, ნიშნავს, რომ ჩვენს
საზღვრისპირა რეგიონებში, უკრაინასა და განსაკუთრებით, რუსეთში
ხორბლის ჭარბი მარაგებია.
შესაბამისად, საქართველოსთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისა და შუა
აზიის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთთან სახმელეთო კავშირი აქვთ,
პირიქითაა, ხორბლის შეთავაზება გაზრდილია. სწორედ ამით არის
გამოწვეული ის, რომ რუსეთში ჩარჩენილი პროდუქცია საქართველოში
შედარებით დაბალი ფასით შემოდის.
სამწუხაროდ, ეს ვითარება ადგილობრივი მეხორბლეებისთვის ხელსაყრელი არ
არის. ადამიანებმა იშრომეს, ხორბალი დათესეს და მოიწიეს, თუმცა
წისქვილკომბინატები და ბაზარი იმპორტირებულ ფასზე სწორდება. ეს
ბუნებრივია, რადგან ჩვენი ხორბალი არ გვყოფნის, ადგილობრივი წარმოება
მოთხოვნის მხოლოდ 20%-ს ფარავს და იძულებული ვართ, დანაკლისი იმპორტით
შევავსოთ.
აქედან გამომდინარე, ფასი სწორდება იაფ, იმპორტირებულ ხორბალზე,
რომელიც ბაზარს სერიოზულად მოაწვა, რამაც საქართველოშიც ხორბლის
ჩაბარების ფასების შემცირება გამოიწვია.
რა თქმა უნდა, ქართველი ფერმერებისთვის შექმნილი ვითარება ნაკლებად
ხელსაყრელია, თუმცა ჩვენ კერძო სტრუქტურა ვართ და რა მოცემულობაც
გვაქვს, გვაქვს ბაზრის რეალობიდან გამომდინარე.
სავარაუდოდ, ფერმერებს ეს საკითხი მთავრობასთან უკვე დასმული აქვთ.
შესაბამისად, თუ პროცესი ასე გაგრძელდა, შესაძლოა, გარკვეული
ინსტრუმენტები გამოიძებნოს. ეს არ არის საკითხი, რომელიც რომელიმე
კერძო სტრუქტურას ეხება, მათ შორის წისქვილკომბინატებს, ფერმერებთან
ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მთავრობის კომპეტენციაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს შესაბამისი შტაბი.
სავარაუდოდ, მარცვლეულის ასოციაცია ამ თემას განსახილველად შემოიტანს.
თუ ვითარება არ შეიცვალა, ალბათ მთავრობისა და სამინისტროს მხრიდან
ფერმერებთან თანამშრომლობის გარკვეული სცენარები შემუშავდება.
შესაძლებელია, ამოქმედდეს სუბსიდირების მექანიზმები ან დაეხმარონ
პროდუქციის ექსპორტზე გატანაში, მაგალითად სომხეთში (თუმცა სომხეთიც
იაფად იღებს ხორბალს, ისევე როგორც ჩვენ) ან ირანში, სადაც გასულ წელს
მცირე რაოდენობა გავიდა.
კიდევ ერთი ვარიანტია, სახელმწიფომ თავად შეისყიდოს ეს ხორბალი
გარკვეულ ფასად, ისევე, როგორც ყურძნის შემთხვევაში ხდება, დაამარაგოს
და შემდეგ რეალიზაცია გაუკეთოს.
დარწმუნებით თქმა რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, შეიძლება აქ რაღაც
მექანიზმები იყოს ამუშავებული. აღნიშნული ინსტრუმენტები სერიოზულ
მუშაობასა და ზუსტ გათვლებს მოითხოვს, რაზეც, ვფიქრობ, იქნება მუშაობა
და ლაპარაკი.
თუმცა, მსოფლიო თანამეგობრობა მუშაობს, რომ გაიხსნას შავი ზღვა. თუ
შავი ზღვა გაიხსნა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გატანა სწრაფად
განხორციელდება იმიტომ, რომ ყველა ქვეყანა ელოდება და შესაბამისად,
ფასები დაიწყებს მატებას, რაც ჩვენი ფერმერებისთვის კარგი
იქნება“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ლევან
სილაგავა.