შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი
პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული მგზავრობის საფასურის გამო
დაიწყო. ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის მომხდარი კონფლიქტის
დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღით მძიმე დაზიანება მიაყენა მძღოლს და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად ბრალდებული მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის
იარაღი —
დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებას გულისხმობს და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.