Gruzija-ს ნაცვლად Sakartvelo - ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან უნიკალური ჟესტი
ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდება საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება . ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ლიტვის საელჩო საქართველოში

როგორც ცნობილია, ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისია განაგრძობს ლიტვურ ენაში საქართველოს აუთენტური დასახელების შესაძლო დამკვიდრების საკითხის განხილვას.
„აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija)“ - წერია განცხადებაში

კომისია განაგრძობს მსჯელობას სახელწოდების დაზუსტებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით, და მოგვიანებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, სიტყვა Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების თაობაზე.

განცხადებაში წერია რომ ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.

„საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, რომელიც განსაკუთრებით სიმბოლური იქნება საქართველო-ლიტვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით“.

ასევე, ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს - 2018 წლის 26 მაისს. - წერია საელჩოს განცხადებაში

Print