თამაზ ნავერიანს ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევის შემდეგ შემძვრელი გრძნობა დაეუფლა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა. 55 დეპუტატს შორის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანიც არის.
6 აპრილს, დეპუტატი ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს სადაც ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და მასმედიაში აგორებულ აჟიოტაჟად აფასებს.

„მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, კარგად მაქვს გააზრებული ჩემი როლი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და ყოველთვის გავემიჯნები უადგილო პოპულიზმს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გუნდის ერთიანობას და სახელმწიფო ინტერესებს.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით მისთვის მინიჭებული კვოტით. უმცირესობა ამაოდ ცდილობს ჩვენს გუნდში განხეთქილების შეტანას და ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ოპონენტს ვერ მივცემთ საშუალებას, წარმოადგინოს სურათი ისე, თითქოს ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის არსებობა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და ამის გამო ვბლოკავთ მათ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს. ნინია კაკაბაძეზე უკეთეს კანდიდატურას უმცირესობა ვერ/არ წარმოადგენდა და ნებისმიერი სხვა კანდიდატიც იქნებოდა ზუსტად იმ „ფასეულობათა“ მატარებელი, რომელიც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისათვის - როგორც წესი, ეს ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ქართულ ეროვნულ ტრადიციებს და გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მიუღებლობა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ
“. ვკლითხულობთ ნავერიანის ფეისბუქ სტატუსში

დეპუტატი წერს რომ ხმის მიცემამდე ნინია კაკაბაძის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის მიმართ იცოდა თუმცა კაკაბაძის მიმართ გამორჩეული ყურადღება არ დაუთმია.

„ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მომრწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს. შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“.- ასევე წერია მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებაში.

მსგავსი განცხადებით ასევე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო საზოგადოებას ბოდიში მოიხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ და ია მამალაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღეს. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს. პირველ კენჭისყრაზე პარლამენტმა კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, ხოლო დღეს აირჩია.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა – უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დევდარიანის ნაცვლად ომბუდსმენმა პარლამენტს იზაბელა ოსიპვას კანდიდატურა დაასახელა რომელიც ასევე პარლამენტარებმა 95 ხმით აირჩიეს.


Print