EMC-მ მოხის მეჩეთის საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) ადგილობრივი მუსლიმების სახელით, მოხის ისტორიული მეჩეთის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა.

ორგანიზაცია კომიტეტს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ რესტიტუციის დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესაბამისი მუხლების დარღვევის დადგენას სთხოვს.

როგორც EMC-ის განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტის წინაშე დავის მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა მითითება შეიმუშავოს თანასწორობის დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული რესტიტუციის პოლიტიკა და ასევე ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოს რელიგიურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სამართლიანი მექანიზმის ფუნქციონირება.

მოხეში მდებარე ისტორიული შენობის გადმოცემას სახელმწიფოსგან ადგილობრივი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წლის 18 ოქტომბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი მოყვა, რაც პოლიციამ 14 მათგანის დაკავებით შეწყვიტა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print